ეუთო/ოდირის მწვავე შუალედური ანგარიში - რას ამბობს კობახიძე
საქართველოს პრემიერი ამტკიცებს, რომ ეუთო/ოდირმა არჩევნების კუთხით პრობლემები ვერ დაინახა. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ შუალედურ ანგარიშში ერთადერთი იდენტიფიცირებული პრობლემა მხოლოდ პოლარიზაციაა, სხვა დანარჩენი კი იმ ჭორებზეა საუბარი, რაც მისი თქმით, სადამკვირვებლო ორგანიზაციას ოპოზიციამ მიაწოდა.
ერთადერთი პრობლემა, რომელიც აქვს იდენტიფიცირებული ეუთო/ოდირს, ეს არის პოლარიზაცია. ეს არ არის პრობლემები სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების კუთხით, ანუ ამ კუთხით, ეუთო/ოდირმა პრობლემები ვერ დაინახა. დანარჩენი არის უბრალოდ ჭორაობა, რისი ციტირებაც ევალება ეუთო/ოდირს ნებისმიერ ქვეყანაში. თუ რაღაცის იდენტიფიცირება არ მოხდა ორი კვირით ადრე და რაღაცას ჩაწერენ ორ კვირაში, რა თქმა უნდა ამას, ფასი ვერ ექნება. თუ რაიმე პრეტენზია შეიძლებოდა ყოფილიყო წინასაარჩევნო გარემოსთან დაკაშირებით, ეს პრეტენზია უკვე ასახული უნდა ყოფილიყო. თუ ეს შეიცვალა რაიმე ფორმით, გამოდის, რომ ვიღაცამ ზემოქმედება მოახდინა ეუთო-ოდირზე, რაც მე არ მგონია, რომ ასე მოხდეს", - განაცხადა კობახიძემ.
ეუთო/ოდირის 26-გვერდიან ანგარიშში აღნიშნულია, რომ "საარჩევნო პროცესი დამკვიდრებული პოლიტიკური პოლარიზების, უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობის, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობისა და გაერთიანებისა და გამოხატვის უფლების დაცვასთან დაკავშირებით წარმოშობილი შფოთის ფონზე მიმდინარეობს"
დოკუმენტში ნათქვამია, რომ "დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რამდენიმე რეკომენდაცია კვლავაც შეუსრულებელია, მათ შორის ის რეკომენდაციები, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობას, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, საარჩევნო კამპანის წარმართვასა და დაფინანსებას, საარჩევნო კამპანიის მედიასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის ჩარჩოს გაძლიერებას შეეხება".