პრემიერი გერმანელი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ - კობახიძემ როთს "ბუნდესტაგის არეული წევრი" უწოდა
ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიშის შეფასების დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იერიში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეზე, მიხაილ როთიზე მიიტანა.
"ქართული ოცნების" ლიდერმა გერმანელი პოლიტიკოსი "ბუნდესტაგის ერთ-ერთ არეულ წევრად" მოიხსენია და ტრიბუნიდან საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში დაადანაშაულა.
"როცა არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე, როცა მიდის საუბარი სანქციებზე, როცა ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, როცა ბუნდესტაგი იღებს რეზოლუციას, როდესაც გამოდის პირდაპირ ბუნდესტაგის ერთ-ერთი არეული წევრი, მიხაილ როთი და პირდაპირ ბუნდესტაგის შენობიდან ატარებს საარჩევნო კამპანიას, ეს ხომ ფაქტებია, რა შუაშია აქ უსაფუძვლობა, სად არის აქ უსაფუძვლობა, ყველაფერს აქვს თავისი მყარი საფუძველი", - თქვა კობახიძემ.
ეუთო/ოდირის 26-გვერდიან ანგარიშში აღნიშნულია, რომ "საარჩევნო პროცესი დამკვიდრებული პოლიტიკური პოლარიზების, უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობის, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობისა და გაერთიანებისა და გამოხატვის უფლების დაცვასთან დაკავშირებით წარმოშობილი შფოთის ფონზე მიმდინარეობს"
დოკუმენტში ნათქვამია, რომ "დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რამდენიმე რეკომენდაცია კვლავაც შეუსრულებელია, მათ შორის ის რეკომენდაციები, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობას, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, საარჩევნო კამპანის წარმართვასა და დაფინანსებას, საარჩევნო კამპანიის მედიასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის ჩარჩოს გაძლიერებას შეეხება".