ოპოზიცია: "ოცნების" მცდელობა, ზეგავლენა მოახდინოს საჯარო მოხელეებზე, აღარ იმუშავებს
შაბათის ეთერის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლის შემდეგ ოპოზიცია სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე ალაპარაკდა. საქმე სამინისტროებიდან გამოჟონილ სიებს ეხება, რომლითაც ირკვევა, რომ ხელისუფლება საჯარო მოხელეებს აიძულებს, მისცენ პირობა, რომ მათი ოჯახის წევრები არჩევნებზე ხმას სწორედ მმართველ პარტიას მისცემენ.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ მსგავსი მეთოდები "ქართული ოცნებისგან" ახალი არ არის, თუმცა ამჯერად ეს ხერხი აღარ გაჭრის, რადგან ქართველი ხალხი ერთ კონსესუმდე მივიდა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა წავიდეს.
„ქართული ოცნებისთვის“ ეს არ არის ახალი ამბავი, ასე იქცევიან სულ და ცდილობენ, ზემოქმედება მოახდინონ ამომრჩეველზე, მათ შორის მათზე, ვინც საჯარო სექტორშია დასაქმებული, მაგრამ ჩემი აზრით, ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება, იმიტომ, რომ ამჯერად არსებობს უკვე დიდი კონსესუსი საზოგადოებაში იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს. ამიტომ, ეს ზეწოლის პრაქტიკა, რასაც ისინი იყენებენ, რასაც სხვებიც იყენებდნენ ადრე, ამჯერად აღარ იმუშავებს, იმიტომ, რომ მათ გადალახეს ის რუბიკონი, რომელიც არ უნდა გადაელახათ, - ამბობს ლევან ცუცქირიძე.
ამავე აზრს იზიარებს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ხათუა სამნიძეც.
ეს მეთოდი ახალი არ არის. გამოცდილი აქვს როგორც მთელ ქვეყანას, ისე თავად საჯარო მოხელეებს, მაგრამ ეს წნეხი იზრდება, როგორც წესი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად და როდესაც ხელისუფლება გრძნობს, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რომ კარგავს მხარდაჭერას და სჭირდება აუცილებლად საჯარო მოხელეების იძულება. ეს მეთოდი არ მუშაობდა არც მაშინ, როცა წინა ხელისუფლება აგებდა არჩევნებს და არ იმუშავებს ახლა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ წაგებული აქვს არჩევნები და მხოლოდ იმის იმედად რჩება, რომ იძალადოს ამომრჩეველზე, - ამბობს ხათუნა სამნიძე.
სამინისტროებიდან საიდუმლო სიებმა გამოჟონა. სიაში შეყვანილი მოქალაქეების მონაცემების გადამოწმების შემდეგ, "შაბათის ეთერმა" მოიპოვა რწმუნება, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი საჯარო მოხელეებს იძულებულს ხდის, საკუთარი ოჯახის წევრებს თავისუფალი არჩევანი წაართვან და მმართველ პარტიას დაჰპირდნენ, რომ არჩევნების დღეს ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემენ.