საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და შანტაჟი უმძიმესი დანაშაულია - ბაჩანა შენგელია
"ემ გიდის" დამფუძნებელი ხელისუფლების მხრიდან საჯარო მოხელეებზე ზეწოლაზე საუბრობს და მას უმძიმეს დანაშაულს უწოდებს. ბაჩანა შენგელიას თქმით, ეს არა მარტო რესურსის გამოყენება, არამედ შანტაჟიცაა, რომელმაც შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლეც კი შეიწიროს.
შენგელიას თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად საჯარო მოხელეებზე დაშინების და ზეწოლის ფაქტები მოხშირდა და ამ პრობლემით "ემ გიდს" არაერთი მოქალაქე მიმართავს.
ზუგდიდში კადრები, როცა მერის მოადგილე, საჯარო მოხელე როგორ ხვდება პედაგოგებს, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს და ვიცით, რასაც ეუბნებიან, როგორ აშანტაჟებენ მათ და ეუბნებიან, რომ თუ არ ითანამშრომლებენ ხელისუფლების სასარგებლოდ, ისინი დატოვებენ თანამდებობებს. ეს არის უმძიმესი დანაშაული. არა მარტო რესურსის გამოყენებაა, ეს არის შანტაჟი ამ ადამიანების მიმართ, სიცოცხლისთვისაც საშიში და ვნახეთ, რომ ამას შეუძლია ადამიანის სიცოცხლეც შეიწიროს. ძალიან ხშირად მოგვმართავენ ჩვენ ამ პრობლემით და განსაკუთრებით ეს არჩევნებს ბოლო პერიოდში ვლინდება და ძირითადად ესენი არიან პედაგოგები და ბაღის აღმზრდელები, - ამბობს „ემ გიდის“ დამფუძნებელი ბაჩანა შენგელია.
სამინისტროებიდან საიდუმლო სიებმა გამოჟონა. სიაში შეყვანილი მოქალაქეების მონაცემების გადამოწმების შემდეგ, "შაბათის ეთერმა" მოიპოვა რწმუნება, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი საჯარო მოხელეებს იძულებულს ხდის, საკუთარი ოჯახის წევრებს თავისუფალი არჩევანი წაართვან და მმართველ პარტიას დაჰპირდნენ, რომ არჩევნების დღეს ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემენ.