ანიტა ჯოჯუა: ოცნების შეკრებაზე ფოთიდან პედაგოგების ძალით წაყვანას საკრებულოს წევრი აორგანიზებდა

16.10.24 10:51
ანიტა ჯოჯუა: ოცნების შეკრებაზე ფოთიდან პედაგოგების ძალით წაყვანას საკრებულოს წევრი აორგანიზებდა

ფოთიდან ზუგდიდში ქართული ოცნების რეგიონულ ღონისძიებაზე დასასწრებად მასწავლებლები იძულებით წაიყვანეს, ამ პროცესს კი ორგანიზებას ფოთის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, ზაალ კვინჩია უწევდა - ამის შესახებ ფოთის საკრებულოში ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ანიტა ჯოჯუა წერს. 

ჯოჯუას თქმით, ამის დამადასტურებელი სმს შეტყობინება მათ რამდენიმე პედაგოგმა თავად გაუგზავნა.

"გუშინდელ მორიგ პარტიულ ღონისძიებაზე, რომელიც ზუგდიდში გაიმართა, ბიძინა ივანიშვილი შუშის კოლბიდან ქალაქებიდან და სოფლებიდან იძულებით ჩაყვანილ საჯარო მოხელეებსა და პედაგოგებს მიმართავდა. რამდენიმე პედაგოგმა ის სმს შეტყობინება მოგვცა, საიდანაც ჩანს, რომ პედაგოგებში ამ პროცესს ორგანიზებას ფოთის საკრებულოში ქართული ოცნების წევრი, ქალაქში აგრესიულობითა და უპრინციპობით გამორჩეული ზაალ კვინჩია უწევდა, რომელიც ამავე დროს ერთ-ერთი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების "მასწავლებელიცაა". ზოგადად, რა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე უნდა ესაუბროს ის ახალგაზრდობას, როცა ყველა დემოკრატიულ ნორმას თავად არღვევს.

ქართული ოცნების ეს თავშეყრა ნათლად გვაჩვენებს მათ შეგუებას მარცხთან, რაც გარდაუვალია და ამას 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი დაადასტურებს". - წერს ანიტა ჯოჯუა Facebook-ზე.

ამასთან, გუშინ მასწავლებლების ნაწილმა SMS სქრინი გაასაჯაროვა. მიმოწერის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის მოსასმენად ხალხი ფოთიდან ზუგდიდში მიკროავტობუსებით წაიყვანეს.

მასწავლებლების თქმით, მოკლე ტექსტური შეტყობინება მათ "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის, ზაალ კვინჩიასგან მიიღეს. 

მსგავსი სიახლეები