პრეზიდენტი უწყებათაშორის კომისიაზე დაიბარეს - ზურაბიშვილი რატი ბრეგაძესთან არ მივიდა
საქართველოს პრეზიდენტი განმარტებებისთვის იუსტიციის სამინისტროში დაიბარეს - საქმე სალომე ზურაბიშვილის მიერ 7 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომლის მიხედვითაც არჩევნების დღეს, ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა.
ამ განცხადებიდან 9 დღის თავზე, პრეზიდენტი დღეს იუსტიციის სამინისტროში, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დაიბარეს, თუმცა იქ სალომე ზურაბიშვილი არ მივიდა.
იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ პრეზიდენტის განცხადება შესაძლოა, საარჩევნო კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავდეს.
რატი ბრეგაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილობითი განმარტება გააკეთა, მაგრამ კომისიამ ის დამაკმაყოფილებლად არ მიიჩნია. ამიტომ მინისტრი სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ სთავაზობს, უწყებათაშორისო კომისიის სხდომაზე განმარტებებისთვის მისი წარმომადგენლები გააგზავნოს.
ჩვენ გავუგზავნეთ პრეზიდენტს ინფორმაცია მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს საარჩევნო კანონდარღვევის ნიშნებს და ვთხოვეთ, ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის წარმომადგენელს მობრძანება, თუმცა დღეს საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კომისიის სხდომას არ დასწრებია, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა გაკეთდა მათი მხრიდან წერილობითი განმარტება, რაც კომისიის მიერ არ იქნა მიჩნეული დამაკმაყოფილებლად და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ გავუგზავნით წერილს და მოვუწოდებთ, რომ შემდგომ კომისიის სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და გააკეთოს განცხადება პრეზიდენტის იმ სიტყვებთან დაკავშრებით, რომლითაც ის აღნიშნავს, რომ საარჩევნოდ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მათ ერთად უნდა იზეიმონ გამარჯვება. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს განცხადება შესაძლოა, შეიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ანონსი, რომ 26 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეში სპეციალური საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა, მიუღებელი აღმოჩნდა "ქართული ოცნებისთვის". სალომე ზურაბიშვილი ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაში შალვა პაპუაშვილმა დაადანაშაულა.
მან განაცხადა პირდაპირ, რომ არჩევნების დღეს ექნება საარჩევნო შტაბი იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შენობაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ვინაიდან ხდება შენობის, მისი ლოჯისტიკური შესაძლებლობის, რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ ის აპირებს შემდეგ, რომ აღნიშნოს მისი ფლანგის გამარჯვება როგორც მას ეს ესახება.
თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, რომ მე პარლამენტში შევქმნა საარჩევნო შტაბი „ქართული ოცნების“ და რუსთაველის დარბაზში დიდ ეკრანზე დავსხდეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად და იქ გვქონდეს დათვლა ვინ რამდენი ხმა მიიღო და ა.შ.
ან წარმოიდგინეთ, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში რომ შექმნას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი ზუსტად იმ ესთეტიკით, როგორც არის ხოლმე საარჩევნო შტაბი. წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდა ამაზე ამ ჩვენს ე.წ. ცოცხალ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დამკვირვებლებს. სიტყვა გაიგეთ საერთოდ რაიმე მათგან ამასთან დაკავშირებით? პირდაპირ უხეშად, ღიად, დღისით-მზისით ხდება დარღვევა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, - ამბობს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე "შაბათის ეთერში" გასულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებდა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის მტკიცებულებები გამომძიებელ ჟურნალისტებს არ ჰქონდათ და ინფორმაცია მხოლოდ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს.
ეს მაშინ, როცა "შაბთის ეთერმა" მოიპოვა საიდუმლო სიები, საიდანაც ირკვევა, რომ სხვადასხვა უწყებებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს ხელისუფლება ოჯახის წევრების მონაცემების გადაგზავნას და "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რიგებში ჩაწერას სთხოვს.
"ქართული ოცნების" ლიდერის სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩემ ხმასაც" გახდა, რომელმაც ფაქტის გამოძიების აუციულებლობაზე ისაუბრა.