მზად ვართ, პრეზიდენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარი დავუჭიროთ - სალომე სამადაშვილი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს პრეზიდენტის მნიშვნელოვან როლთან დაკავშირებით საუბრობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ეფექტური პროგრამის სწრაფად ჩამოყალიბების ხელშეწყობა სწორედ სალომე ზურაბიშვილის ვალდებულებაა.
ამასთან, როგორც სალომე სამადაშვილი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მთავარსარდალი პრეზიდენტობის თანამდებობაზე კენჭს კვლავ იყრის, კოალიცია მზად არის, რომ მის კანდიდატურას მხარი დაუჭიროს.
ოპოზიციური ძალები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, მათ დასჭირდება კოორდინაცია, კოალიციის დღის წესრიგზე ჩამოყალიბება და ეს ყველაფერი მოითხოვს, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი დონის პოლიტიკურ ჩართულობას და ხელის შეწყობას. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის პრეზიდენტის როლი, რომ ხელი შეუწყოს არჩევნების შემდეგ სწრაფად ჩამოყალიბდეს როგორც კოალიციური მთავრობის პროგრამა, ასევე კონკრეტული სამოქმედო გეგმა. მისი სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, რომ დავუჭიროთ მხარი მის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ საერთაშორისო გამოცემა Politico-ს მისცა.
ქვეყნის მთავარსარდალმა გავლენიან გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "თუ არჩევნებს პროევროპული ძალები და ქარტიის მხარდამჭერი პარტიები მოიგებენ, ალბათ, მათ გვერდით ვიქნები, რათა ქარტია ევროპულ საბჭოზე წარვადგინო და მოლაპარაკებების დაწყება უზრუნველყო".