ლილუაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის ოჯახს შესაძლოა, "კერძო პირებმა" მოუსმინეს - სუს-ი გამოძიების დაწყებას არ აპირებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის შესაძლო უკანონო მოსმენის საქმეზე გამოძიების დაწყებას არ აპირებს.
სუს-ის შეფმა საკითხზე დღეს ორი კომენტარი გააკეთა. ბოლო განცხადებაში გრიგოლ ლილუაშვილმა ახალი ვერსია გააჟღერა, რომ ხვედელიძეს შესაძლოა, კერძო პირებმა მოუსმინეს.
ლილუაშვილი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნიდან შეიძლება უკანონო მიყურადება განხორციელებულიყო. სუს-ის შეფი არც მის მიერ ნახსენებ "კერძო პირების" გვარების დასახელებას აპირებს.
მეტიც, სუს-ის შეფი დაინტერესდა, საიდან იგებს ინფორმაციას TV პირველი. ეს მაშინ, როცა youtube არხზე გვერდი Cyber Kmara ხუთი წელია არსებობს და ჩანაწერებს ივანიშივილის შესაძლო მონაწილეობით აქტიურად ავრცელებს.
სასაცილოა, რა უნდა გამოვიძიოთ, პირველად ვნახეთ ასეთი სერიალები? განსაკუთრებით იმ დროს, როცა წინასაარჩევნო კამპანია აქტიურდება. სრულიად სერიოზულად გეუბნებით, რომ ეს ყველაფერი ორკესტრირებულია. რატომღაც მაინც და მაინც ეს ტელევიზია (ტვ პირველი) იგებს ყველაფერს ყველაზე ადრე, მაინც და მაინც ეს ტელევიზია ფლობს ექსკლუზივს ამა თუ იმ გაურკვეველ საიტზე ატვირთული ინფორმაციის შესახებ და ყველას ასწრებს ამას. არ გამოვა, ხალხს ვერ მოვატყუებთ, ვერც ტელევიზიები, ვერც ჩვენ. აბსოლუტურად სასაცილოდ ჩანს ეს ყველაფერი...
რატომღაც ეს შოუები სპეციალურად ეწყობა და ეთმობა ამდენი დრო, რომ რაღაცა უტოპიური აზრების განვითარებას შეუწყოს ხელი. მგონია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია...
უკანონო მოსმენებს ახორციელებენ, როგორც ფიზიკური პირები, სხვადასხვა ქვეყნის შეძლებული სამსახურები. ორ კერძო პირს შორის საუბარი, რომელიც გაურკვეველ დროს ჩაიწერა და აიტვირთა, გაურკვეველ საიტებზე, რა გამოძიება უნდა ჩავატაროთ და საერთოდ, ღირს ამ თემებზე საუბარი? - ეს ხომ სასაცილოა"- ამბობს ლილუაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ვიდრე გრიგოლ ლილუაშვილი კამერების წინ იტყოდა, რომ სკანდალური ჩანაწერების გამოძიებას არ აპირებს, მმართველი პარტიის წევრები ამბობდნენ, რომ სუს-ს გამოძიება უნდა დაეწყო.
- "შეიძლება, გამოძიება უკვე დაწყებულიც არის" - უთხრა დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა "ტვ პირველს".
სკანდალური ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე ქოუჩინგის რუსული კურსის დეტალებს არკვევს, youtube არხზე 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 6 წუთიანი მასალა Cyber Kmara-ს სახელით არსებულმა იმ ანგარიშმა გაასაჯაროვა, რომლის მიერ youtube-ზე ატვირთული 6-ივე ვიდეო ივანიშვილს უკავშირდება.
ვიდრე ფარული აუდიომასალა youtube არხზე გაჩნდებოდა, 2 საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა. სუსი წერდა, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, წინასაარჩევნოდ ჩანაწერებს გაავრცელებენ და მის გასაყალბებლად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ.