სამადაშვილი: ევროსაბჭოს ჩანაწერი გაფრთხილებაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ხელისუფლების შეცვლის გარეშე ჩვენთვის EU-ს კარი დაიხურება
"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს ჩანაწერი არის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ 26 ოქტომბერს, ხელისუფლების შეცვლის გარეშე საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება.
ის ჩანაწერი, რომლის გაკეთებაც გადაწყდა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ლიდერების მხარდაჭერით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით ხელს უშლის ევროპულ დღისწესრიგს, ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, არის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ 26 ოქტომბერს ხელისუფლების შეცვლის გარეშე საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება. ეს განსაკუთრებით ცხადია, თუ ჩვენ შევადარებთ იმ ჩანაწერს, რომელიც გაკეთდა მოლდოვის თაობაზე იგივე დოკუმენტში, მიესალმება მოლდოვის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას და გმობს "ოცნების" მიერ გატარებულ პოლიტიკას, ამიტომ, ეს დისბალანსი უნდა აღდგეს", - განაცხადა სამადაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას - რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ, ეს სიტყვები ევროპულმა საბჭომ, საბოლო დასკვნაში ჩაწერა და თქვა, რომ ქვეყანას სჭირდება პროდასავლური ხელისუფლება. საბჭომ კვლავ გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ფასეულობებს და პრინციპებს.
ბრიუსელი ახლა განსაკუთრებით ელოდება 26 ოქტომბერს და ქართველი ხალხის არჩევანს.
დასკვნაში, ევროპელმა პოლიტიკოსებმა კიდევ ერთი ზღვარი გაავლეს ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ევროპელი ლიდერები მხარს უჭერენ ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპაში და ამბობენ, რომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება.