"დავანახოთ ყველას, რომ ვართ ბევრნი" - ევროპულ მარშს ქარტიის ხელმომწერი პოლიტიკოსები უერთდებიან
დედაქალაქში წლის მთავარ შეკრებას უერთდებიან ქარტიის ხელმომწერი პოლიტიკოსებიც. პროდასავლური ოპოზიცია დღეს ერთი გზავნილით ერთიანდება: "ვაჩვენოთ ყველას, რომ ვართ ბევრნი, ვისაც ქვეყნის ევროპული მომავალი უნდა".
სხვადასხვა კოალიცია დღეს 17:00 საათზე შეკრებას სხვადასხვა ლოკაციიდან გეგმავს. უკვე ცნობილია, რომ "ძლიერი საქართველოს" მხარდამჭერებს და ასევე რიგით მოქალაქეებს მარჯანიშვილის მოედანზე დაელოდება.
ქართველი ხალხის ურყევი ნებაა, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი, გავხდეთ იმ სივრცის ნაწილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ უსაფრთხოება, კეთილდღეობა, მეტი დემოკრატია და ეს მარში არის სწორედ ამ ტიპის განაცხადი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა. ეს მარში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც წინასაარჩევნოდ, ისე ზოგადად ევროკავშირის მიმართ ჩვენი ურყევი პოზიციის დასაფიქსირებლად, - ამბობს საბა ბუაძე.
კოალიცია "ცვლილებისთვის" კი მოქალაქეებს ორთაჭალის, ობელიკის და მთაწმინდის მისადგომებთან დახვდება. ზურა ჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია, ივანიშვილმა დაინახოს, რომ ქართველი ხალხი ევროპული მომავლისთვის ბოლომდე იბრძოლებს და უკან დახევას არ გეგმავს.
არჩევნებამდეა ეს არჩევნები მოსაგები. ვიკრიბებით სხვადასხვა ლოკაციაზე, 17:00 საათზე იწყება მსვლელობები სხვადასხვა ლოკაციებიდან, საბოლოო ჯამში, თავშეყრის ადგილი არის 19:00 საათზე თავისუფლების მოედანი. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ერთ, უნდა ვიყოთ ბევრნი და მეორე, ივანიშვილმა უნდა დაინახოს, რომ ჩვენ ვართ განწყობილი ბოლომდე ბრძოლისთვის. მათ შორის იმ ხალხმა, ვინც არის ჩართული არჩევნების გაყალბების პროცესში, უნდა გაიგონ, რომ ჩვენ ვართ ბევრნი, არ დავიხევთ უკან არცერთ შემთხვევაში, თითოეული მათგანის სახელსა და გვარს გამოვავლენთ და დასანქცირდებიან თუ რამეს გაბედავენ, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
გმირთა მოედანზე დაელოდება მოქალაქეებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა".
ყველანი ერთად დავდგეთ და ვაჩვენოთ ერთმანეთს, პირველ რიგში, გავაძლიეროთ და მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ მეტნი, ჩენ ვართ გაცილებით მეტი ის ადამიანები, ვისაც გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. 20 ოქტომბერს დიდი მნიშვნელობა 26 ოქტომბრის დიდი გამარჯვებისთვის, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. თბილისი ევროპის დედალაქი დღეს კიდევ ერთხელ გახდება. საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მთლს ქალაქში მსვლელობა ზუსტად 17:00 საათზე 5 ლოკაციიდან დაიწყება. საბოლოო გაჩერება თავისუფლების მოედანია, სადაც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამოსულ ადამიანებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. სიტყვით გამოსვლების გარდა, დაგეგმილია აქცია-კონცერტიც.