კობახიძის მტკიცებით, ივანიშვილი პარტნიორებს "შანტაჟის გამო" არ ხვდებოდა

22.10.24 15:23
კობახიძის მტკიცებით, ივანიშვილი პარტნიორებს "შანტაჟის გამო" არ ხვდებოდა

ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟი მიმდინარეობდა. ქვეყნის პრემიერი ირწმუნება, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს სწორედ ამ "შანტაჟის ქვეშ არ სურდა რაიმე ტიპის შეხვედრა გაემართა უცხოელებთან" და ახლა როდესაც გარკვეული გარემოებები შეიცვალა, ის მზად არის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდეს. 

მიმდინარეობდა შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. როგორც კი დაიწყო უკრაინაში ომი, მაშინვე მას გაუყინეს თანხები, თავის ანგარიშებზე შეუჩერეს გადარიცხვები და ამ ფონზე, მას არ სურდა, აბსოლუტურად ობიექტური მიზეზის გამო, შეხვედრების გამართვა. ეს პროცესები გაგრძელდა ორი წლის განმავლობაში და სწორედ ამის გამო იკავებდა თავს ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებისგან. მას არ უნდოდა შანტაჟის ქვეშ გაემართა რაიმე ტიპის შეხვედრა უცხოელებთან. ახლა როდესაც გარკვეული გარემოებები შეიცვალა, ის არის მზად გამართოს ასეთი შეხვედრა. ანალოგიური მზაობა დააფიქსირა ამერიკის ელჩმაც, რაც არის ძალიან კარგი. ეს შეხვედრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის,“ - განაცხადა კობახიძემ.

რატომ არ ხვდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ბიძინა ივანიშვილი? - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მიზეზი მისი კომპლექსებია. 

უფრო კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრა კონტრპროდუქტიული იქნებოდა კომპლექსის გამო - "ფულს გიჩერებენ და ამ დროს გეძახიან - მოდი, მოვილაპარაკოთ".

კითხვაზე, "თანხის გაყინვა იყო ზეწოლა?" - ივანიშვილის პასუხი იყო "სხვა როგორ გავიგოთ?".

ივანიშვილის თანახმად, აშშ-ს ელჩს მხოლოდ მას შემდეგ დაურეკა, რაც სინგაპურში სასამართლო მოიგო. "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის თქმით, ამერიკის ელჩს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეხვედება