"ოცნება" თავის ზნეს არ ღალატობს და საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს - ელისაშვილი

23.10.24 17:54
"ოცნება" თავის ზნეს არ ღალატობს და საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს - ელისაშვილი

საჯარო მოხელეების პირადი მიზნებისთვის გამოყენება უნდა დასრულდეს - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე ისაურა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნება" საჯარო სექტორში დასაქმებულებს შეურაცხყოფას აყენებს, როცა ისინი მმართველი პარტიის ნებით თბილისში დაგეგმილ აქციაზე მოჰყავს. 

"ეს უმსგავსობა ერთხელ და სამუდამოდ 26 ოქტომბრის შემდეგ დასრულდება" - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ახლა, როცა ჩვენ პრესკონფერენციას ვმართავთ, "ქართული ოცნება" თავის ზნეს არ ღალატობს და საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს იმით, რომ აიძულებს და ძალით მოჰყავს დედაქალაქში. უნდათ თავისუფალი მოქალაქეების აქციის საპასუხოდ, იძულებით ჩამოიყვანონ ხალხი. ჩვენ არ ვბრაზდებით ამ ადამიანებზე. ვიცით, რომ წნეხის ქვეშ არიან ისინი, ემუქრებიან სამსახურიდან გაყრით.

პირობას ვაძლევთ მათ და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საჯარო სექტორში არის დასაქმებული, რომ ეს უმსგავსობა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება და ამას დავასრულებთ 26 ოქტომბრის შემდეგ. დეპოლიტიზება უნდა მოხდეს და მოხდება სრული საჯარო სექტორის. 

ძალიან მარტივია არჩევანი. ასეთი მკაფიო არჩევანი არასდროს ჰქონია ქართულ ამომრჩეველს. ან სიბნელე, კორუფცია, ჭაობი, ან ევროკავშირისკენ სვლა, ქვეყნის გამდიდრება, ემიგრანტების დაბრუნება, პენსიების ზრდა. მე მჯერა, რომ ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს სულ რაღაც 3 დღეში", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ამ წუთებში "ძლიერი საქართველო" ჟურნალისტებთან შეხვედრას მართავს - კოალიციის ლიდერები მედიის წარმომადგენლების კონკრეტულ კითხვებს ისმენენ და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ პასუხებს სცემენ.