პედაგოგებისთვის აქციაზე წასვლის იძულება შრომითი ურთიერთობებისა და უფლებების დარღვევაა - პატარაია

23.10.24 23:47
პედაგოგებისთვის აქციაზე წასვლის იძულება შრომითი ურთიერთობებისა და უფლებების დარღვევაა - პატარაია

"საფარის" აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია "ტაბულასთვის" მიწოდებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, სადაც გარკვევით ისმის, თუ როგორ აიძულებს უფროსი პედაგოგებს "ქართული ოცნების" აქციაზე წასვლას და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ემუქრება. 

ბაია პატარაია ფაქტს შრომითი ურთიერთობებისა და პედაგოგების უფლებების დარღვევად აფასებს - "წარმოუდგენელია, ასეთი დამოკიდებულებები უნდა დასრულდეს".

ამასთან, მესამე სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქვეყანას მრავალპარტიული მთავრობა სჭირდება, რომელსაც შეუზღუდავი ძალაუფლება არ ექნება და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე ზეწოლას არ მოახდენს.

პირველ რიგში, მინდა ამ ქალებს მივმართო და ვუთხრა, რომ ასეთი მოპყრობა, საუბარი დასაქმების ადგილზე არის წარმოუდგენელი. ეს არის ყველანაირი შრომითი ურთიერთობების დარღვევა, მათი უფლებების დარღვევა. ასეთი დამოკიდებულებები უნდა დასრულდეს, განსაკუთრებით, საჯარო სექტორში მომუშავე პირების მიმართ. 

ეს არჩევნები იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ მავნე პრაქტიკა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ჩვენ იმიტომ გვჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი და მთავრობა, რომ რომელიმე ერთ კონკრეტულ პარტიას არ ჰქონდეს ასეთი ძალაუფლება და ესე არ ძალადობდეს ადამიანებზე, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე", - ამბობს ბაია პატარაია.

ცნობისთვის, დღეს, 23 ოქტომბერს, "ტაბულას" მიაწოდეს აუდიოჩანაწერი, რომელიც წყაროს ინფორმაციით, რუსთავის 25-ე ბაღის გამგემ, მანონი მეურმიშვილმა პედაგოგებს გაუგზავნა.

აუდიოჩანაწერში ისმის, თუ როგორ აიძლებს უფროსი პედაგოგებს "ქართული ოცნების" აქციაზე წასვლას და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ემუქრება