არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევები, ზეწოლა ამომრჩეველზე და საარჩევნო კანონში შესული ცვლილებები - რა წერია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში

30.10.24 20:13
არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევები, ზეწოლა ამომრჩეველზე და საარჩევნო კანონში შესული ცვლილებები - რა წერია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში

ევროკომისიის გაფართოების ვრცელი ანგარიში ცნობილია - დოკუმენტში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ყურადღების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი იყო. 

"დაფიქსირებული დარღვევები მოიცავს, მათ შორის, საარჩევნო პროცესში ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხმის საიდუმლოებასთან დაკავშირებულ დარღვევებს, პროცედურული შეუსაბამობებს, დაშინებასა და ზეწოლას ამომრჩევლებზე, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე" - ვკითხულობთ ანგარიშში.

როგორც დოკუმენტში წერია, წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რომელიც რეკომენდაციებში აქამდეც ხაზგასმული იყო.

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამავდროულად დე-ფაქტო შეჩერებულია 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო.

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ერთობლივი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნებით გამოვლინდა რამდენიმე ხარვეზი, რომლებიც დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში მოხდა. დაფიქსირებული დარღვევები მოიცავს, მათ შორის, საარჩევნო პროცესში ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხმის საიდუმლოებასთან დაკავშირებულ დარღვევებს, პროცედურული შეუსაბამობებს, დაშინებასა და ზეწოლას ამომრჩევლებზე, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე.

ეს წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაც უკვე იყო ხაზგასმული წინა საკვანძო რეკომენდაციებში. გარდა ამისა, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეწყვიტეს 2023 წლის ოქტომბრის თანამშრომლობის მემორანდუმი პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ პლატფორმას შორის. საანგარიშო პერიოდში არ იყო პროგრესი საკონსულტაციო პროცესებში ან კანონპროექტებში და პოლიტიკის დოკუმენტებში წვლილის შეტანის კუთხით, არც სამოქალაქო საზოგადოებასთან სტრატეგიული ჩართულობის კუთხით", - წერია ანგარიშში.

ევროკომისიის გაფართოების ვრცელ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ნარატივები უნდა შეცვალოს

ევროკავშირში ინტეგრაცია რჩება პოლიტიკის გაცხადებულ მიზნად, თუმცა არ განხორციელებულა ამ მიზნის შესაბამისი ნაბიჯები. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განმარტოს თავისი განზრახვები კურსის შემობრუნების თვალსაზრისით. საქართველოს ხელისუფლებამ ასევე უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები", - წერია დოკუმენტში. 

ამასთან, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში ყურადღება საქართველოს საარჩევნო კანონში შესულ ცვლილებებზეც არის გამახვილებული და წერია, რომ მიღებული ცვლილებები არ შეესაბამება ევროკომისიის რეკომენდაციებს და უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს

(საქართველოს) საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 2024 წლის მარტში და მაისში განხორციელდა მცირე კონსულტაციების ფონზე. მიღებული ცვლილებები არ შეესაბამება არც ევროკომისიის რეკომენდაციებს, არც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივ მოსაზრებებს, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურაზე. მთლიანობაში, საარჩევნო კანონის ფუნდამენტურ ასპექტებში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს", - წერია განცხადებაში.

ევროკომისიამ ასევე 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად საქართველოსთვის წარდგენილი 9 რეკომენდაციის შესრულების პროგრესიც მიმოიხილა:

1. ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლა

შეფასების პერიოდში გაიზარდა ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის მანიპულაციის შემთხვევები. 2024 წლის აპრილში უცხოური გავლენების კანონპროექტის ხელახალი წარდგენის შემდეგ გამწვავდა ევროკავშირის წინააღმდეგ გზავნილები, რომლებსაც აქტიურად ავრცელებდნენ მმართველი პარტიის ლიდერები და დეპუტატები. წინასაარჩევნოდ  ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სამთავრობო მედიებმა დეზინფორმაცია გააძლიერეს". - ნათქვამია ანგარიშში.

2. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა 

საქართველო არ შეუერთდა რუსეთთან, ირანთან და ბელორუსთან დაკავშირებულ შემზღუდავ ზომებს. ქვეყანამ კვლავ გაზარდა პირდაპირი ფრენები რუსეთთან სხვადასხვა მიმართულებით". - წერს ევროკომისია.

3. პოლიტიკური პოლარიზაცია 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების მუქარა ოპოზიციის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ კვლავ გრძელდებოდა", - წერია განცხადებაში.

4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი

„მარტში პარლამენტმა მიიღო საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რომლითაც არ გაითვალისწინა ვენეციის კომოსიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. ცვლილებებით, შესაძლებელი გახდა ცესკოს თავმჯდომარის და არაპარტიული წევრების მარტივი უმრავლესობით დანიშვნა, რაც არ ითვალისწინებს სხვა ინსიტუტების, მათ შორის პრეზიდენტის ჩართულობას. ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის წინა რეკომენდაციებზე ბოლომდე რეაგირება კვლავ არ მოხდა.

26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ეუთო/ოდირის მისიის წინასწარი მიგნებების თანახმად, ადგილი ჰქონდა რამდენიმე ხარვეზს დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში. ხარვეზებში მათ შორის შედის: ახლანდელი ცვლილებები საარჩევნო პროცესის კანონმდებლობაში, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი დარღვევა, პროცედურული არათანმიმდევრულობა და ამომრჩეველზე ზეწოლა და დაშინება, რასაც ნეგატიური გავლენა ჰქონდა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე“. - ვკითხულობთ განცხადებაში.

5. პარლამენტის ზედამხედველობა და ძირითადი ინსტიტუტების დამოუკიდებლობა 

უსაფრთხოების სამსახურებზე ზედამხედველობის ხარისხი რჩება შეზღუდული. 2021 წელს მასშტაბური და უკანონო ფარული მოსმენების ბრალდებები ჯერჯერობით არ დამთავრებულა ვინმეს სამართლებრივი დევნით.

2024-ის მარტში მიღებული საარჩევნო კოდექსის ცვლილებებმა შეამცირა ცესკოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. არ გადაიდგა ნაბიჯები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად“. - ამბობს ევროკომისია.

6. სასამართლო რეფორმა 

2024-ის მაისში პარლამენტმა საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებები მიიღო, რომლებშიც არ იყო გათვალისწინებული 2023-ის სისტემური და შინაარსობრივი რეკომენდაციები. ცვლილებებში გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის ერთი საკვანძო რეკომენდაცია მოსამართლეების დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე და არის რამდენიმე მცირე პოზიტიური ელემენტი.

ცვლილებებით არ ხდება სასამართლო რეფორმის ეფექტურად გატარება. არ მოხდა მომზადება მოსამართლის სანდოობის [„ვეტინგის“] პროცესის შემოსაღებლად.

2023 წელს მიღებული მცირე ცვლილებები პროკურატურის შესახებ არ აახლოებს საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპულ სტანდარტებთან“. - ნათქვამია განცხადებაში.

7. ანტი-კორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობა 

პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის კანონში და გააძლიერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის იმუნიტეტი და მამხილებელთა დაცვა. თუმცა ამჟამინდელი ინსტიტუციური ჩარჩო არ იძლევა საკმარის დამოუკიდებლობას, ხოლო ცვლილებებში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები.

კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო მაღალი დონის [„ელიტური“] კორუფციასთან საბრძოლველად.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის ზოგ რეკომენდაციას. მთავარი შეშფოთებები რჩება გაუთვალისწინებელი“. - ნათქვამია განცხადებაში.

8. დეოლიგარქიზაცია 

პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი დეოლიგარქიზაციის კანონს, რომელიც პიროვნულ მიდგომას ითვალისწინებდა, მთავრობამ კი დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა 2023-ის ნოემბერში მიიღო. გეგმა აგებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე „სისტემურ“ მიდგომასთან დაკავშირებით.

გეგმაში არაა რეგულარული საკონსულტაციო მექანიზმი ყველა საპარლამენტო პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. საქმიანობისა და მისი დროის გადანაწილება არის ძალიან ზოგადი.

2024 წლის აპრილში მიღებული ცვლილებები ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადასახადის გარეშე გადმოტანის შესახებ არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

9. ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება, გამოძიება მოწყვლადი ჯგუფების, მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ძალადობასა და მუქარაზე 

ადამიანის უფლებათა დაცვის 2023-30 წლების სტრატეგიაში არ შევიდა ცვლილებები 2023-ის რეკომენდაციების შეატანად. 2024-26 წლების იმპლემენტაციის სტრატეგიაში არაა პუნქტები ლგბტქი+ ადამიანებზე. პარლამენტში კვლავ რჩება საკონსტიტუციო კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების“ დაცვაზე, რომელიც, ვენესიის კომისიის განცხადებით, არ შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამ საკანონმდებლო საქმიანობისა და ჰომოფობიური სიძულვილი ენის შედეგად, ლგბტქი+ პირები საქართველოში ცხოვრობენ მზარდად მტრულ და სტიგმატიზირებულ გარემოში. არ დასრულებულა 2021 და 2023 წლის პრაიდებზე ძალადობის ორგანიზების საქმეების გამოძიებაც.

საქართველო განაგრძობს ეროვნული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას ოჯახური და ქალების წინააღმდეგ ძალადობის წინააღმდეგ, მაგრამ რჩება ნაპრალები გენდერის საფუძველზე მომხდარი ძალადობისა და ძალადობის პრევენციის კუთხით. ასევე, გაუპატიურების სამართლებრივი დეფინიცია ბოლომდე არ შეესაბამება სტამბოლის კონვენციის სტანდარტებს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი ძირს უთხრის შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების უფლებას, საჯარო საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას და დისკრიმინაციის აკრძალვას. იუსტიციის სამინისტროსთვის მიცემული მეტისმეტი საკონტროლო უფლებამოსილება ზრდის კანონის არჩევითი აღსრულების რისკს.

კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს იყო თავდასხმები, დაშინება და ფიზიკური ძალადობა აქტივისტების, პოლიტიკური ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. მათი უმრავლესობა ჯერაც შესაბამის გამოძიებას საჭიროებს“. - ნათქვამია განცხადებაში.