კარგად ორგანიზებული, დანაშაულებრივი სქემა იყო - გიგაური "ოცნების" ქოლცენტრებზე
კარგად ორგანიზებული, დანაშაულებრივი სქემა, - ასე აფასებს მესამე სექტორი შაბათის ეთერის მიერ გასაჯაროებულ მტკიცებულებებს, რომელიც "ოცნების" მიერ ამომრჩეველზე ზეწოლაზე მიუთითებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით გამოძიების წარმოება არაობიექტური იქნება, "ოცნებას" კი საერთაშორისო გამოძიება არ აწყობს, რადგან ყველაფერს ფარდა აეხდება.
ეს არის ძალიან კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიზანიც იყო არჩევნების მიტაცება. საერთაშორისო საზოგადოება ლეგიტიმაციას ამ არჩევნებს არ აძლევს. ისინი ეძებენ გზებს, მათ შორის, საერთაშორისო გამოძიების კუთხით იმისთვის, რომ ეს გამოძიება მოხდეს, იმიტომ, რომ გამოძიება უნდა მოხდეს და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ქვეყნის შიგნით ამ გამოძიების ჩატარება, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, იმიტომ, რომ ინსტიტუტები აქ მიტაცებულია. ეშინიათ ყველანაირი საერთაშორისო მექანიზმის იმიტომ, რომ მათ მოსთხოვენ კონკრეტულ ინფორმაციას და ესენი ამ კონკრეტულ ინფორმაციას ვერ ან არ მიაწვდიან და ასევე, რა თქმა უნდა, არ ითანამშრომლებენ საერთაშორისო გამოძიებასთან. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ კლეპტოკრატიული და ოლიგარქიული რეჟიმები კარგ არჩევნებს ქვეყნებში არ ატარებენ. ეს არის ფაქტი. რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებოდნენ, რომ მეტი დაეწერათ თავისთვის, რა თქმა უნდა, შეეცდებოდნენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებიც გამოეყენებინათ სათავისოდ, - ამბოლბს ეკა გიგაური.
შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია მტკიცებულებები მმართველი პარტიის შიდა მიმოწერებიდან. ხმოვანი შეტყობინები და სხვადასხვა ფორმატის ფაილები ადასტურებს, რომ 26 ოქტომბერს "ოცნებამ" ამომრჩეველზე ზეწოლისთვის მთელი სქემა აამუშავა. ყველა სააარჩევნო უბანთან შექმნილი იყო "ქართული ოცნების" ქოლ ცენტრები. შაბათის ეთერმა ამ ქოლცენტრების მისამართები და იქ დასაქმენული ადამიანების გვარები მოიპოვა. ქოლცენტრებს კაპიტნები მარათავდნენ და თითო საარჩევნო უბანზე კაპიტნის ხელმძღვანელობით ამომრჩევლიე ნებაზე ზემოქმედებისა და დაშინებისთვის მთელი ჯგუფი მუშაობდა.