საბჭოთა პროკურატურა ადამიანებში შიშის დანერგვას ცდილობს - მამუკა ხაზარაძე

05.11.24 13:43
საბჭოთა პროკურატურა ადამიანებში შიშის დანერგვას ცდილობს - მამუკა ხაზარაძე

უნდათ, საბჭოთა პროკურატურის მეშვეობით შიში დანერგონ ადამიანებში, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მის გამოკითხვაზე დაბარებას. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ პროკურატურაში მისვლას არ გეგმავს, თუმცა მზადაა ჩვენება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს. მისი თქმით, აქვს უამრავი მტკიცებულება, რომილც არჩევნების უტყუარ გაყალბებაზე მიუთითებს. 

ახლა უნდათ, საბჭოთა პროკურატურის მეშვეობით, თითქოს რაღაც შიში დანერგონ ადამიანებში. მე მინდა, მათ პირდაპირ განვუცხადო, რომ ეს არჩევნები, რომელიც იქნა მიტაცებული და რომელშიც სამართალდამცავი ორგანოებიც იქნენ ჩარეულები, არა მარტო ადამიანები, ზოგს კაპიტანი ეწოდება და ზოგს რაღაც სხვა სახელი, ყველა ამ ადამიანს მოეთხოვება კანონით სერიოზული პასუხისგება. ეს დრო დადგება აუცილებლად. რაც შეეხება დღევანდელ ზარს, რომელიც მივიღე პროკურატურაში დაბარებაზე მოწმის სახით, ბუნებრივია, მე პროკურატურაში არ მივალ. ეს დაკითხვა მოხდება მაგისტრანტ მოსამართლესთან და წარვადგენ იმ მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება მასიური გაყალბება ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებ და მოვუწოდებ ყველას, რომ ყველა ტრიბუნა გამოვიყენოთ. ეს იქნება ქუჩა, აქცია, იქნება დიპლომატებთან შეხვედრა, იქნება დოკუმენტაციის შეგროვება, იქნება გმირი მოსამართლეების გამოჩენა და მათი მხარდაჭერა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მახინჯი სისტემა, ეს რუსული ხელისუფლება დავამარცხოთ საქართველოში, - ამბობს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

მსგავსი სიახლეები