მოსალოდნელია უფრო მძიმე სანქციები - მეზვრიშვილი
პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დაასანქცირებს.
მეტიც, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ შავ სიაში არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები, არამედ "გაყალბების ორგანიზების პროცესში" ჩართული თითოეული ადამიანი შევიდეს.
ამასთან, ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია სტრატეგიული პარტნიორებისგან არა მხოლოდ სავიზო შეზღუდვებს, არამედ ბევრად უფრო მძიმე ზომებს უნდა ელოდებოდეს.
ჩემი აზრით, სანქციები არ იქნება მხოლოდ სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებული სანქციები. ალბათ, იქნება უფრო მძიმე სანქციები. ეს მოსალოდნელია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნების ლეგიტიმურობა არ აღიარა. ბუნებრივია, კონკრეტული ნაბიჯები ამერიკისა და ევროპის მხრიდან იქნება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, არამედ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გაყალბების ორგანიზების პროცესში იყო ჩართული", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გუშინ საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ დამატებითი ზომების გამოყენება “არ მოერიდებათ“.