მივმართავ ყველა მოსამართლეს, დაადექით პატიოსან, პროფესიონალურ გზას - ხაზარაძე

05.11.24 21:44
მივმართავ ყველა მოსამართლეს, დაადექით პატიოსან, პროფესიონალურ გზას - ხაზარაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის და მოსამართლეებს მოუწოდებს, ქვეყნისა და ერთი ადამიანის მსახურება სასწორზე არ დააყენონ და თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის გზას დაადგნენ. 

ამასთან, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება დემოკრატიულ ქვეყანაში ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, თუმცა საქართველოში სასწაულია, რადგან მისივე განმარტებით, მართლმსაჯულების სისტემა ბიძინა ივანიშვილს ოკუპირებული აქვს.

მადლობა მოქალაქეობრივი პოზიციისთვის, პროფესიონალიზმისთვის და რაც ყველაზე მთავარია, პრინციპულობისთვის. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში სასამართლო არ იმართება ისე, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში. იგი არის ოკუპირებული და წართმეული ბიძინა ივანიშვილის მიერ. ბატონი ხუჭუას გადაწყვეტილება ნორმალურ ქვეყანაში არის დიდი ბედნიერება და ჩვეულებრივი ამბავი. ჩვენ ქვეყანაში არის სასწაული. არავინ არ ელოდებოდა ასეთ რაღაცას. მე მინდა ყველა მოსამართლეს მივმართო, დაადექით ამ პატიოსან, პროფესიონალურ გზას", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება გუშინ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა. 

მოსამართლის გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები