გიგაური: "გვრიტიშვილმა გადაწყვიტა, თავად ჩაატაროს ექსპერიმენტი - მოიმარჯვა ფურცელი და ჰოი საოცრება, გამოჩნდა შავი წერტილი"
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების გაბათილების მიზნით, სხდომაზე ექსპერიმენტის ჩატარება დამოუკიდებლად გადაწყვიტა.
როგორც მესამე სექტორის წარმომადგენელი ადგილიდან იტყობინება, TI-ის იურისტებს არ მისცეს იმის უფლება, რომ ექსპერიმენტში, რომლითაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა/არდარღვევა უნდა დადგენილიყო, მონაწილეობა მიეღოთ.
"მოსამართლე მივიდა, მოიმარჯვა ფურცელი და ჰოი საოცრება, გამოჩნდა შავი წერტილი" - წერს ეკა გიგაური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გვრიტიშვილმა გადაწყვიტა თავად ჩაატაროს ექსპერიმენტი და დადგინოს იყო თუ არა არჩევნების დროს ხმის მიცემა ფარული და გაჟონა თუ არა ბიულეტენმა.
ჩვენი იურისტები ექსპერიმენტს არ მიაკარეს, ცესკოს როგორც სურდა ექსპერიმენტი ისე ჩაატარეს. მასში ცესკოს ორი თანამშრომელი მონაწილეობდა. ცესკოს თანამშრომელი ფრთხილად ცდილობს ქაღალდის შეცურებას, რამდენჯერმე ლამის კონვერტიც გააყოლა ისე მიაბჯინა ის კონვერტი აპარატს რომ არაფერი გამოჩენილიყო.
შემდეგ იურისტებმა მოითხოვეს მოსამართლეს თავად შეეცურებინა კონვერტი. მოსამართლე მივიდა, მოიმარჯვა ფურცელი და ჰოი საოცრება, გამოჩნდა შავი წერტილი ….. მოკლედ ამაბავი ისაა, რომ ამჯერადაც არაფერი გამოუვიდათ, ის საბედისწერო შავი წერტილი მაინც გამოჩნდა, თუმცა მიუხედავად ამისა აბა გამოიცანით რა დაინახა მოსამართლე გვრიტიშვილმა …. სავარუდოდ არაფერი … ვნახოთ …ვიდეო არ გადაგვაღებინეს", - წერს ეკა გიგაური.
ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაბათილების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება 4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით. ცესკომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, სადაც აღნიშნული საქმის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.