"ექსპერიმენტი უკვე ჩატარებულია, მთავრობის გავლენის ქვეშ მოქცეულმა მოსამართლეებმა რა შედეგი უნდა დაწერონ?!" - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება და ვლადიმერ ხუჭუას პროფესიონალი მოსამართლის ნიმუშად მოიხსენიებს.
ამასთან, ოთარ ზურაბიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საქმეზე მიმდინარე სხდომას აფასებს და "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, "ექსპერიმენტი უკვე ჩატარებულია, მთავრობის გავლენის ქვეშ მოქცეულმა და გაყიდულმა მოსამართლეებმა რა შედეგი უნდა დაწერონ?!".
"ხალხმა იცის, ხალხმა ნახა, რა იყო სიმართლე" - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
ვლადიმერ ხუჭუა არის მაგალითი, როგორიც უნდა იყოს მოსამართლე, ევროპული ტიპის, ყაიდის ნამდვილი მოსამართლე. იწყებს საკუთარ ვინაობაზე საუბრით, რა არის მისი შეხედულება სასამართლო სისტემაზე, რომ კარგად გავიგოთ და შემდეგ გადადის ექსპერიმენტზე და გვიხსნის, რა არის ამის შედეგები. ჩვენ ეს გვიკვირს, რატომ გვიკვირს როცა ადამიანი არის პატიოსანი, რომელიც წესიერად აკეთებს მის სამუშაოს. ჩვენ უნდა გვიკვირდეს, რომ ჯერჯერობით სხვა ადამიანი არ გამოჩნდა. ალბათ, შიშისა და გავლენის გამო ბევრი ხალხი და მოსამართლე იმალება და ვერ ბედავს მისი სათქმელის თქმას'', - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება 4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა.
ამის შემდეგ ცესკომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, სადაც აღნიშნული საქმის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.