ქურდოვანიძე: "მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ ჩანდა გაფერადებული წრე - ის ამას არ აღიარებს"
"მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ, მათ შორის, გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე, თუმცა ის ამას არ აღიარებს" - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.
ნონა ქურდოვანიძის თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა გრძელდება, თუმცა საყურადღებოა, რომ ქუთაისის სააპელაციოში საქმის განხილვა უკვე დასრულდა, მაგრამ მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას არ აცხადებს.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ფარულობის უფლების დარღვევაზე გრძელდება. საყურადღებოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უკვე დასრულებული აქვს საქმის განხილვა, თუმცა, გადაწყვეტილებას არ აცხადებს. ბოლო მონაცემებით, 18:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა, თუმცა, არ აცხადებს. სავარაუდოდ, ელოდებიან რას გადაწყვეტს თბილისის სააპელაციო სასამართლო.
რაც შეეხება თბილისში მიმდინარე სხდომას. აღმოსავლეთ საქართველოს ყველა ოლქი წარმოდგენილია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის მიერ.
სხდომის დასაწყისში, ცესკოს იურისტებმა თეთრიწყაროში საიას მიერ მოგებული საქმის გაბათილების მიზნით პროცედურების დარღვევით დააყენეს საკითხი, რომ თეთრიწყაროს მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი განეხილა ეს საქმე, რადგან მისი ცოლი facebook-ზე კრიტიკულ პოსტებს წერს. ცოლის მიერ გაკეთებული განცხადებები არ შეიძლება მოსამართლის აცილების საფუძველი იყოს. გარდა შინაარსობრივი დაუსაბუთებლობისა, პროცედურულადაც არასწორია ამ საკითხის სააპელაციო სასამართლოში დაყენება, რადგან მათ მოსამართლის აცილება პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუყენებიათ.
ეს კარგად იცის ცესკოს იურიდიულმა დეპარტამენტმა, თუმცა, ამ სისულელის დაყენება მათ დასჭირდათ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის მიეცათ სამართლებრივი ბერკეტი, ეთქვა, რომ რადგან მხარე მოსამართლის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტიც ხელახლა უნდა ჩატარდეს.
სასამართლო განსაკუთრებული მონდომებით ეცადა, რომ ექსპერიმენტი ხელოვნური შეზღუდვებით ჩაეტარებინა და ჩაატარებინა ცესკოს დახელოვნებულ სპეციალისტებს, ანუ იმ ხალხს, ვინც სხვას ასწავლის ბიულეტების აპარატში მოთავსებას. გარდა ამისა, მან ბიულეტები მოათავსა ყუთში იმგვარად, რაც აცდენილი იყო იმ სწავლებასთან, რასაც ცესკო არჩევნებამდე იყენებდა.
ამის შემდგომ, ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე. თუმცა, ის ამას არ აღიარებს.
სხდომა გრძელდება, - წერს ნონა ქურდოვანიძე.
თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება 4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა.
ამის შემდეგ ცესკომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, სადაც აღნიშნული საქმის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.