"ოცნებამ" რუსული სპეცოპერაციით, ქართველებისთვის ევროპული მომავალი გააუქმა - სამადაშვილი
"ჩვენ არჩევნები შევაფასეთ როგორც რუსეთის სპეცოპერაცია იმისთვის, რომ საქართველოს დასავლეთსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზა ჩაეკეტოს" - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, არჩევნების გაყალბება ევროკავშირის სამი წამყვანი სახელმწიფოს ლიდერების მიერ გაკეთებულმა განცხადებამაც დაადასტურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქვეყნის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მხარს "ოცნების" წარმოებული პოლიტიკის გამო ვერ დაუჭერდნენ.
ჩვენ ეს არჩევნები შევაფასეთ როგორც რუსეთის სპეცოპერაცია იმისთვის, რომ საქართველოს ჩაეკეტოს დასავლეთში ინტეგრაციის, ევროკავშირში გაწევრიანების გზა. ეს დადასტურდა, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ არჩევნების შემდეგ ევროკავშირის სამმა წამყვანმა სახელმწიფომ ერთობლივად გააკეთა განცხადება, რომ ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას და ნათლად თქვა, რომ ეს უკავშირდება "ქართული ოცნების" მიერ წარმოებულ პოლიტიკას. ეს ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც შეასრულა რუსული დავალება, ამ არჩევნების გზით ქართველებისთვის ევროპული მომავალი გააუქმა", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოს მთავრობას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებენ.