ანა წითლიძე: ISFED-ის მტკიცებულება არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ არჩევნებს არანაირი საერთო არ ჰქონდა თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებთან, რომელიც მოქალაქეების ნებას გამოხატავდა
ISFED-ის მტკიცებულება არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს არანაირი საერთო არ ჰქონდა თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებთან, რომელიც გამოხატავდა საქართველოს მოქალაქეების ნებას, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გამოვლენილი ახალი გარემოებები კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს არჩევანი მოჰპარა.
„დღითიდღე კიდევ უფრო ნათელი გახდება ყველა ის დარღვევა, გაყალბება, ყველა ის უბედურება, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა და ISFED-ის ეს მტკიცებულებაც არის ამის ნათელი დადასტურება. „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც იცოდა, რომ კატასტროფულად წაგებული ჰქონდა არჩევნები, გაყალბებაში ძალიან ზედმეტი მოუვიდა, იმდენად ზედმეტი, რომ კვალის დაფარვა გარკვეულ შემთხვევებში მათ ვერ შეძლეს, ამიტომაც ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება და კიდევ უფრო მეტი დარღვევა გამოჩნდება ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან ამაზე მუშაობს სამოქალაქო სექტორი, ამაზე მუშაობს ოპოზიციაც, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს არანაირი საერთო არ ჰქონდა თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებთან, რომელიც გამოხატავდა საქართველოს მოქალაქეების ნებას“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
“სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, ცესკომ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ზოგ უბანზე შესაძლოა, კაცების აქტივობა მაღალი იყოს.
საარჩევნო ადმინისტრაციამ გუშინ შვიდსაათიანი ფიქრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და დაადასტურა, რომ ზოგიერთ უბანზე იმაზე მეტი კაცი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე რეგისტრირებული იყო.
23 საარჩევნო უბანზე იმაზე მეტი კაცი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე რეგისტრირებული იყო - ამის შესახებ განცხადება ISFED-მა გუშინ გაავრცელა.