ვფიქრობ, საქართველოს შესახებ ევროკავშირის ლიდერების დღევანდელი განხილვა მძიმე იქნება - სამადაშვილი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს შესახებ ევროკავშირის ლიდერების დღევანდელი განხილვა მძიმე იქნება.
ოპოზიციონერი ლიდერი იმედოვნებს, რომ ევროპა "ოცნების" ხელისუფლებაზე ზეწოლის გზებზე იმსჯელებს და დარტყმის ქვეშ არ დააყენებს ქართველი ხალხს და არ შეუჩერებს მათ ვიზალიბერალიზაციას.
მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი განხილვა ევროკავშირის ლიდერების იქნება ასევე საკმაოდ მძიმე. სამწუხაროდ, მე ველოდები, რომ დღეს იგივეს მოვისმენთ, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ გაიხსნება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპა იმსჯელებს ზეწოლის გზებზე რეჟიმზე, გამყალბებელი რეჟიმის წარმომადგენლებზე და დღის წესრიგში არ შევა ქართველი ხალხისთვის უვიზო მიმოსვლის დაკარგვის რეალური შანსი, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
დღეს ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები - საქართველოს საკითხს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარებაა.
როგორც ღონისძიების ანონსში წერია, საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა იყოს გამოძიებული.