ბუდაპეშტის სამიტზე საქართველოს საკითხის განხილვა ცხადყოფს, რომ პარტნიორებს არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ - წითლიძე
საქართველოს არჩევნების შესახებ განხილვა ცხადყოფს, რომ პარტნიორებს დიდი კითხვის ნიშნები აქვთ, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ევროპელი პარტნიორები კარგად ხედავენ, რომ საქართველოში არჩევნები მოპარულია და შესაბამისად, საკითხზე მათი შეფასებებიც მძიმე იქნება.
ის, რომ დღის წესრიგში არის საქართველოს არჩევნების შესახებ განხილვა, ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არჩევნებთან დაკავშირებით. კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმის, რომ ჩვენი საერთაშორისო და ევროპელი პარტნიორები ძალიან მკაფიოდ ხედავენ იმას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის მოპარული, ამიტომ ჩენი მოლოდინია, რომ ეს შეფასებები იქნება ძალიან მძიმე. ამის შესახებ უკვე გააკეთა განცხადება პრეზიდენტმა მარკონმა, რაც კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მკაფიო პოზიციის, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ ყოფილა თავისუფალი, - ამბობს ანი წითლიძე.
დღეს ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები - საქართველოს საკითხს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარებაა.
როგორც ღონისძიების ანონსში წერია, საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა იყოს გამოძიებული.