საქართველოში, მოლდოვასგან განსხვავებით, გაიმარჯვა რუსეთმა - გიორგი რუხაძე
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, გიორგი რუხაძე ამბობს, რომ საქართველოში, მოლდოვასგან განსხვავებით, გაიმარჯვა რუსეთმა და გაყალბდა არჩევნები, რასაც ევროპელი პარტნიორები კარგად ხედავენ.
ექსპერტის თქმით, თუკი ეუთო-ოდირი საბოლოოდ დასკვნის, რომ გაყალბების მასშტაბებმა არჩევნების შედეგი შეცვალა, მსოფლიო აღიარებს იმ ხელისუფლებას, რომელსაც ქართველი ხალხი აღიარებს.
მაკრონმა შეაფასა საქართველოს არჩევნები და მოლდოვას არჩევნები. ორივე შემთხვევაში მან თქვა, რომ არჩევნებზე იყო სერიოზული დარღვევები, ზეწოლა და ხმების მოსყიდვა, უბრალოდ, განსხვავება იყო ის, რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა მოლდოვაში, გაიმარჯვა მაია სანდუმ და მას მიულოცეს ეს გამარჯვება და პრეზიდენტობა.
საქართველოში, სამწუხაროდ, გაიმარჯვა რუსეთმა, გააყალბა არჩევნები და კობახიძეს არ მიულოცეს გამარჯვება. თუ ეუთო დაადასტურებს, რომ გაყალბების მასშტაბები იყო ისეთი, რომ ამან შეცვალა შედეგი, საბოლოო ჯამში, დემოკრატიული და არადემოკრატიული სამყაროც აღიარებს იმ ხელისუფლებას, რომელსაც აღიარებს ქართველი ხალხი, - ამბობს გიორგი რუხაძე.
დღეს ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები - საქართველოს საკითხს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარებაა.
როგორც ღონისძიების ანონსში წერია, საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა იყოს გამოძიებული.
ამასთან, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონიმ საქართველოსთან დაკავშირებით მწვავე გზავნილები გააჟღერა.
"საქართველოში დემოკრატიაზე არაერთი თავდასხმა მოხდა" - თქვა მან.