პრემიერის თქმით, ევროპელი პარლამენტარების ვიზიტი არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

11.11.24 17:19
პრემიერის თქმით,  ევროპელი პარლამენტარების ვიზიტი არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რვა ქვეყნის პარლამენტარების საქართველოში ვიზიტი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება.

როგორც მედიას მთავრობის მეთაურმა განუცხადა, დელეგაციის წევრები საარჩევნო პრინციპებს არღვევენ და ჩართული იყვნენ საარჩევნო აგიტაციაში.

„ყველა შემთხვევაში, ამ ვიზიტის სულისკვეთება, სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ პირდაპირ ჰქონდათ საუბარი პრესკონფერენციაზე ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე. ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს სუვერენული ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამ ვიზიტის მიმართ არის შესაბამისი“, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ევროპელ პარლამენტარებს უსაქმურები უწოდა. 

ევროპელ პარლამენტარებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ შეხვდა. 

შეგახსენებთ, თბილისში 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელები იმყოფებიან.

ისინი პრეზიდენტს და პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ. 

დელეგაციის წევრები მესამე სექტორის წარმომადგენლებს ამ წუთებში ხვდებიან. საღამოს ევროპელი პოლიტიკოსები პარლამენტის წინ აქციაზე მივლენ და ქართველ ხალხს მიმართავენ. 

მსგავსი სიახლეები