კალაძისთვის EU-ის დელეგაციის წევრები "უსაქმურები" არიან
"ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე საქართველოში ჩამოსულ EU-ის დელეგაციის წევრებს "უსაქმურებად" აცხადებს.
კალაძე დღეს ამტკიცებდა, რომ „ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს”
მეტიც კალაძემ პარტნიორები საქართველოში "არეულობისა" და "დაძაბულობის" მოწყობაში ადანაშაულებს:
„ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. ეს არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ ქვეყანაში ჩადიან, ხან მეორეში. ჩვენ გვახსოვს, როცა ისინი ოპოზიციის აქციების დროს ჩამოვიდნენ, მათ შორის, ისინი სიტყვითაც გამოვიდნენ.
ამ ადამიანებმა რით დაამახსოვრეს თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – სიცრუით. იმ სიცრუის პროპაგანდას, რასაც ვისმენდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, დღესაც აგრძელებენ. შესაბამისად, ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენენ ისინი და როგორც ვთქვი, არანაირი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძისთვის 8 ქვეყნის ლიდერი "მავლენელია":
ჩვეულებრივი მავნებლები არიან, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ეს ადამიანები პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს. მათ განცხადებებს, ქმედებებს, ყველაფერს აქვს ჩალის ფასი. ზურაბიშვილი და სხვა წვრილფეხა პოლიტიკოსები, რადიკალები, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ და ისინი, ვინც გარედან აკეთებენ მსგავს განცხადებებს, ერთნი არიან, ერთი ფრთის ქვეშ არიან და ერთი პატრონი ჰყავთ - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, თბილისში 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელები იმყოფებიან.
ისინი პრეზიდენტს და პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ.
დელეგაციის წევრები მესამე სექტორის წარმომადგენლებს ამ წუთებში ხვდებიან. საღამოს ევროპელი პოლიტიკოსები პარლამენტის წინ აქციაზე მივლენ და ქართველ ხალხს მიმართავენ.
8 ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელების გზავნილები:
- არ შეიძლება, იყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი და იყოთ რუსული გავლენის სფეროში - ინარა მურნიეცე
- 26 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიულობასთან ახლოსაც არ იყო - მიხელსონი
- ფინელი დეპუტატი: არჩევნებს ადგილობრივი უწყებები ობიექტურად ვერ გამოიძიებენ
- არჩევნების საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა - EU დელეგაციის გზავნილები
- თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა - მიჰაუ კამინსკი
- პავილიონისი ამბობს, რომ საქართველოს არჩევნები დამოუკიდებელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა გამოიძიოს
- როთი: თუ არჩევნები არ იქნება გამოძიებული, მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს