ამ ქვეყანაში გასაუქმებელი თავად "ოცნებაა" - დეკანოიძე
ვინც არის გასაუქმებელი და ვინც გაიუქმა თავი, ეს არის „ქართული ოცნება“, - ასე ეხმიანება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პრემიერის მორიგ მუქარას. პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ არჩევნები გააყალბა, ამიტომ ახლა თავის გადარჩენას დაშინებით ცდილობს.
ვინც არის გასაუქმებელი და ვინც გაიუქმა თავი, ეს არის „ქართული ოცნება“. დემოკრატიულ ქვეყანაში რეპრესიებით ოპოზიციას არ ემუქრებიან. ამიტომ, კობახიძემ გადასარევად იცის, რომ თვითონ არჩევნები მოპარული აქვს, ქართველი ხალხის ხმა მოპარულია, შესაბამისად, სწორედ ამ რეპრესიებით ცდილობს ვინმეს დაშინებას. ეს არის კონკრეტულად სიცილის და ღიმილის მომგვრელი. არავის ეშინია კობახიძის რეპრესიების, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
საქართველოს პრემიერი, რომლის პარტიამ ცესკოს მონაცემებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით იმუქრება.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე ვიზიტისას ქართველ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, თუ ოპოზიცია „კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სვლას გააგრძელებს“, შესაძლოა, განიხილონ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა სასამართლოში.