"კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო" - აქუბარდია პრემიერის მუქარაზე
კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო“, - ასე აფასებს გახარიას გუნდის წევრი თეონა აქუბარდია ოპოზიციური პარტიების გაუქმების შესახებ ირაკლი კობახიძის მუქარას. პოლიტიკოსის თქმით, პრემიერის განცხადება "არასერიოზულია".
ამ განცხადებამ გამახსენა ერთი ძველი ანდაზა: „ კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო“. ვფიქრობ, რომ ის სწორედ ამ შინაარსით ცდილობს ახლა კიდევ ერთხელ თავის გამართლებას პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც ისევ და ისევ იმ საცოდავ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომელიც კონკრეტულად მას გააჩნია ისევე, როგორც „ოცნებას“. არასერიოზულია სერიოზული კომენტარი ამაზე, - ამბობს აქუბარდია.
საქართველოს პრემიერი, რომლის პარტიამ ცესკოს მონაცემებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით იმუქრება.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე ვიზიტისას ქართველ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, თუ ოპოზიცია „კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სვლას გააგრძელებს“, შესაძლოა, განიხილონ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა სასამართლოში.