ვნახავთ, ვისი აკრძალვის საკითხი დადგება ქვეყანაში - სამადაშვილი პრემიერის მუქარაზე
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ იმ პოზიციის უკან, რომლის აკრძალვასაც "ოცნება" გეგმავს, საქართველოს მილიონობით ადამიანი დგას, სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ეს განზრახვა ივანიშვილს და კობახიძეს არ გამოუვათ.
ვნახავთ, ვისი აკრძალვის საკითხი დადგება ქვეყანაში ადრე თუ გვიან, - ამბობს სამადაშვილი.
ოპოზიცია კი არის აკრძალული ბელორუსში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში, საითაც მიდის, საითაც უნდა, რომ წაიყვანოს ეს ქვეყანა ივანიშვილმა, ოღონდ ამ ოპოზიციის უკან საქართველოს მილიონობით მოქალაქე დგას. მათ ვერ აკრძალავს კობახიძე რაც არ უნდა შეეცადოს. მესმის, რომ იმედი აქვთ, რომ ყველა გაიქცევა ამ ქვეყნიდან და მარტო დარჩებიან რუსების მხარდამჭერი საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ მემგონი, ასე რომ არ იქნება, თავადაც ხვდებიან. ამიტომ ვნახავთ, ვისი აკრძალვის საკითხი დადგება ამ ქვეყანაში ადრე თუ გვიან, - ამბობს სამადაშვილი.
საქართველოს პრემიერი, რომლის პარტიამ ცესკოს მონაცემებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით იმუქრება.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე ვიზიტისას ქართველ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, თუ ოპოზიცია „კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სვლას გააგრძელებს“, შესაძლოა, განიხილონ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა სასამართლოში.