პრემიერის შემდეგ ოპოზიციის გაუქმებით "ოცნების" ლიდერებიც იმუქრებიან
ირაკლი კობახიძის შემდეგ ოპოზიციის გაუქმებით უკვე კახა კალაძეც იმუქრება. "ოცნების" გენერალური მდივანი აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" "მოღალატეობრივი ქმედებების" გამო პასუხი უნდა აგოს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ მივიღეთ, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ დავიწყოთ მუშაობა იმისთვის, რომ პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, ვინც წარმოადგენდა ამ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ძალიან მძიმე დაამახსოვრდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მათი ხელისუფლებაში ყოფნა. როგორ შეიძლება, შენ იყო ხელისუფალი და ექცეოდეს შენი ქვეყნის მოსახლეობას ისე, როგორც ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, - ამბობს კალაძე.
ენმ-ს გასამართლებას ითხოვს "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილიც.
კოლექტიური ნაცმოძრაობა, ზოგადად, არის გასასამართლებელი. მანამ, სანამ ეს არ მოხდება, ვერც ოპოზიციაში და ვერც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვერ დაისადგურებს მარადიული დემოკრატია და მარადიული მშვიდობა. პოლიტიკური პარტია, რომელიც პირდაპირ არის მოწოდებული იმისკენ, რომ ანტიკონსტიტუციური განცხადებები და ქმედებები აკეთოს, ამავდროულად ორგანიზება გაუწიოს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და ა.შ., რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური პარტიები ევროპაშიც ბევრი აკრძალულა და ამის მაგალითები ჩვენ გვაქვს. რაზე იქნება ეს დამოკიდებული, ჩვენ ვნახავთ ამას, როდესაც პარლამენტში შევალთ. ჩვენი ოპოზიციის ზნეს თვითონაც კი ვერ იცნობენ და ჩვენ როგორ გამოვიცნობთ, რას გააკეთებენ. თუ დააჩქარებენ ამ პროცესს, მიიღებენ, რა თქმა უნდა, იმ სამართლებრივ აქტს, - ამბობს მაჭარაშვილი.
საქართველოს პრემიერი, რომლის პარტიამ ცესკოს მონაცემებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით იმუქრება.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე ვიზიტისას ქართველ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, თუ ოპოზიცია „კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სვლას გააგრძელებს“, შესაძლოა, განიხილონ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა სასამართლოში.