საპარლამენტო სიები "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩახსნა

12.11.24 15:30
საპარლამენტო სიები "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩახსნა

"ერთობა ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს საპარლამენტო სიების გასაუქმებლად მიმართავს - განცხადება თინა ბოკუჩავამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

კოალიციის წევრები კალანდარიშვილის უწყებას მიმართავენ, “სია არ გატარდეს რეგისტრაციაში და უფლებამოსილების საკითხი არ გადასცეს პარლამენტს განსახილველადაც კი”.

არჩევნები არ ასახავდა საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ ნებას. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" სახელით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობასა და უარს ვაცხადებთ საპარლამენტო მანდატებზე.

დღეს გვინდა ოფიციალურად, თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც იყო „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში, ინდივიდუალური წერილით მივმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სახელით არ გატარდეს რეგისტრაციაში და ჩვენი უფლებამოსილების საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გადასცეს საქართველოს პარლამენტს, განსახილველადაც კი.

ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატვაა ის წერილები, რომელსაც ჩვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვაგზავნით. ვითხოვთ, რომ არცერთ ჩვენგანზე, არცერთ პირზე, რომელიც ფიგურირებდა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საარჩევნო სიაში, არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა, ჩვენ არ გაგვატარონ რეგისტრაციაში და შესაბამისად, პარლამენტს არ გადაეგზავნოს ჩვენი სახელები და გვარები ჩვენი უფლებამოსილების ცნობის მიზნით. ეს არის ჩვენი თავისუფალი ნება და ჩვენ ამ თავისუფალ ნებას ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ. ჩვენ უარს ვამბობთ მანდატები მივიღოთ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას, სადაც დარღვეული იყო კონსტიტუციის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ფარულობის სახით და შესაბამისად, არ იყო გამოხატული ქართველი ხალხის თავისუფალი ნება.სადაც ადგილი ჰქონდა უამრავ სხვა მაქინაციას და მასობრივ დარღვევას, რომლის შედეგებსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ  არალეგიტიმურ არჩევნებს ცივილიზებული სამყაროს მხრიდან აღიარება არ ექნება. 

ჩვენ ეს ვიხილეთ, მათ შორის, გუშინ, როდესაც საქართველოს ევროპელი მეგობრები იყოფებოდნენ აქ და მიმართავდნენ ქართველ ხალხს, რომელთაც არც კი შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენელი. რაც ადასტურებს კიდევ ერთხელ, თვალსაჩინოდ, რომ არალეგიტიმურ არჩევნებს არ ექნება აღიარება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, არ ექნება აღიარება ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ, კიდევ ერთხელ, რომ ცესკოს-ს არ აქვს უფლება ჩვენი საბუთები პარლამენტში გადააგზავნოს, უფლებამოსილების ცნობის მიზნით"- დასძინა მან. 

ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ ცესკოში  97-კაციანი სია აქვს წარდგენილი.

საპარლამენტო სიას ხსნის კოალიცია "ცვლილებისთვისაც".