"ქართველი ხალხის აქტს" 10 მხარდამჭერი სენატორი დაემატა
ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის ორპარტიულ კანონპროექტს "ქართველი ხალხის აქტს” 10 მხარდამჭერი სენატორი დაემატა - საიდანაც 9 რესპუბლიკელია, 9 დემოკრატი, 1 კი დამოუკიდებელი წევრი.
თანაინიცატორთა სიას შეუერთდნენ:
- სენატორი ჯონ ბუზმანი – რესპუბლიკელი;
- სენატორი მიტ რომნი – რესპუბლიკელი;
- სენატორი ჯეფ მერკლი – დემოკრატი;
- სენატორი ჯონ კორნინი – რესპუბლიკელი;
- სენატორი კრისტოფერ მერფი – დემოკრატი;
- სენატორი დენ სალივანი – რესპუბლიკელი;
- სენატორი ანგუს კინგ ჯუნიორი – დამოუკიდებელი წევრი;
- სენატორი ტოდ იანგი – რესპუბლიკელი;
- სენატორი შელდონ უაითჰაუსი – დემოკრატი;
- სენატორი ჯორჯ ჰელმი – დემოკრატი.
საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ ამერიკელი სენატორების - ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ წარდგენილი პაკეტი - "ქართველი ხალხის აქტი" სენატში 24 მაისს დარეგისტრირდა.
„ქართველი ხალხის აქტი“ ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება:
პირველ ნაწილში მოყვანილია ის შედეგები, რომლებიც დაეკისრებათ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელის შეშლაზე. მათ შორის, დოკუმენტი სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოითხოვს, დაუწესოს სამოგზაურო შეზღუდვები ქართველ ფიზიკურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს უცხოური აგენტების კანონის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში მონაწილეობისთვის; ახალი სანქციების დაწესებას იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე; ასევე სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოითხოვს, დაუწესდეს სანქციები იმ ქართველ ფიზიკურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და კორუფციაზე. აქტის პირველი ნაწილი ასევე მოითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტისგან, შეიმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით, მათ შორის, გადაიხედოს სამხედრო დახმარება და მოითხოვს აშშ-ის მთავრობისგან, შეაჩეროს ყველა სახის დაფინანსება, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. აქტი ასევე მოიცავს აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის მუდმივად შეჩერების მოწოდებას.
„ქართველი ხალხის აქტის“ მეორე ნაწილი ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ბოლო მოვლენების გათვალისწინებით. საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად გასცემს, სულ მცირე, 50 მილიონი დოლარის გამოყოფის ნებართვას. ასევე, აქტი მოითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტისგან და USAID-სგან, განსაზღვრონ, თუ როგორ შეიძლება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო გზით მხარდაჭერა ბოლო მოვლენების გათვალისწინებით. აქტი ასევე ითხოვს ორი ანგარიშის წარდგენას, რათა შეფასდეს საქართველოში უცხოური მავნე გავლენის მასშტაბი და ქართველი პოლიტიკური პატიმრების მხარდაჭერის ძალისხმევა.
ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ივანიშვილის რეჟიმის შესაჩერებლად ამერიკის შეერთებული შტატები უპრეცედენტო ნაბიჯებზე მიდის. საქართველოსთან დაკავშირებით, კანონპროექტის საკუთარ ვერსიას აინიცირებს სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ჯიმ რიში.
რას მოიცავს "ქართველი ხალხის აქტი" ნახეთ აქ.