საფუძვლიანი ეჭვია, რომ მიმდინარეობს დანაშაულის კვალის დაფარვა - ხაზარაძე ვერიფიკაციის აპარატების დაყადაღებაზე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ფიქრობს, რომ პროკურატურის მიერ საარჩევნოდ გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატების და დოკუმენტების დალუქვა, დანაშაულის კვალის დაფარვას ემსახურება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სწორედ ამ აპარატებშია უტყუარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩევნები გაყალბდა.
26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებისთანავე “ძლიერმა საქართველომ” ოფიციალურად მიმართა ცესკოს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ქვითრების გახსნასთან დაკავშირებით, რათა მომხდარიყო შედარება სიებსა და ვერიფიკაციის აპარატში გავლილ, რეგისტრირებულ გვარებს შორის.
ეს მოთხოვნა დავაყენეთ საქართველოს 73-ვე ოლქში, საიდანაც უარი მივიღეთ. საარჩევნო ადმინისტრაციის უარი გავასაჩივრეთ პირველი ინსტანციის სასამართლოებში, ასევე სააპელაციო სასამართლოში. ამის შემდეგ, 73-ვე ოლქის მიერ შეჯამებული არჩევნები გავასაჩივრეთ ცესკოში, ხოლო ცესკოს უარი - თბილისის საქალაქო სასამართლოში.
დღეს საბოლოოდ მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს. ცესკომ პროკურატურას გამოძიება დააწყებინა არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც პოლიტიკურ ლიდერებს ატარებენ გამოკითხვაზე. რეალურად კი, ეს იმიტომ მოხდა, რომ პროკურატურას დაეყადაღებინა ყველა აპარატი და საარჩევნო დოკუმენტაცია, რაც განახორციელა და დალუქა სპეციალურ საწყობში. ამ აპარატებსა და დოკუმენტაციაში არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს სისტემურ დანაშაულს არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებასთან დაკავშირებით. საფუძვლიანი ეჭვია, რომ მიმდინარეობს დანაშაულის კვალის დაფარვა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს არჩევნები არის მიტაცებული! ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური! ვითხოვთ ახალ არჩევნებს!, - წერს ხაზარაძე.
ცესკოს რაიონული საწყობები დაცლილია - ადგილზე მისულ "პირველებს" დაუდასტურეს, რომ საარჩევნო აღჭურვილობა გუშინ გატანილია. ვერიფიკაციის მოწყობილობები და ელექტრონული საარჩევნო ურნები, რომელიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ატარებს, ოპოზიციის ინფორმაციით, პროკურატურამ დალუქა და პრაქტიკულად დააყადაღა.