პაპუაშვილი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, რუსეთის მხრიდან ანექსიის მცდელობად ვერ მიიჩნევს

15.11.24 17:36
პაპუაშვილი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, რუსეთის მხრიდან ანექსიის მცდელობად ვერ მიიჩნევს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, რუსეთის მხრიდან ანექსიის მცედლობად ვერ მიიჩნევს.

“ანექსიის მცდელობას, მე, ვერ დავარქმევდი“, - ამბობს ის.

ანექსიის მცდელობას, მე, ვერ დავარქმევდი, რა თქმა უნდა, ზოგადად, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ, ამდენი ხანია, მათ შორის. რისკები არის, როდესაც ჩვენ ვხედავთ/ვხედავდით ანექსიის პოლიტიკაზე გადასვლას, სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მაგრამ სწორედ, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, არ ვიცი, რატომ ვსაუბრობთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ წუთებში სოხუმში,  ე.წ. პარლამენტის  შენობა პარალიზებულია. დერეფნებში სამი ათასამდე მომიტინგე დგას, რომლებიც ბჟანიას გადადგომას და მორატორიუმს ითხოვს.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა ე.წ. პარლამენტის შენობის ფანჯრები შეამტვრიეს და შენობაში შეიჭრნენ.

იქამდე კი, ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პარლამენტთან იყო სროლა. გარდა ამისა, "სამართალდამცველებმა" მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

საპროტესტო ტალღა სოხუმში სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება.