"ხვალინდელი სხდომა იმ ძალადობრივი აქტის გაფორმება იქნება, რასაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჰქვია" - კუპრაძე
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 16 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომას, სადაც არჩევნების შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოიცეს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე "ტრიუკს" უწოდებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ "ხვალინდელი სხდომა იმ ძალადობრივი აქტის გაფორმება იქნება, რასაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჰქვია".
"ქართულ ოცნებას" სჩვევია ხოლმე მსგავსი ტრიუკები და დღეს ღამით დაჩქარებულ რეჟიმში ჩაატარეს სასამართლო სხდომა, დაბლოკეს ყველა საჩივარი და გზა გაუხსნეს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებას ცესკოს მიერ. ხვალ, შაბათ დღეს დანიშნეს სხდომა, რომელიც რეალურად იქნება, მხოლოდ და მხოლოდ, გაფორმება იმ ძალადობრივი აქტის, რასაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჰქვია. მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი დღეს რაც დგას ამ ქვეყანაში, ქუჩის პროტესტია. სტუდენტები გამოცოცხლდნენ და საუბრობენ მთავარ წინააღმდეგობაზე", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს ხვალ, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე შეაჯამებს - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" ცესკოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.