ცესკო ივანიშვილის კონტროლირებადი დაწესებულებაა, რომელიც აპირებს, რუსულ სპეცოპერაციას არჩევნები უწოდოს - სამადაშვილი

16.11.24 00:22
ცესკო ივანიშვილის კონტროლირებადი დაწესებულებაა, რომელიც აპირებს, რუსულ სპეცოპერაციას არჩევნები უწოდოს - სამადაშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 16 ნოემბერს სხდომის ჩანიშვნის ფონზე, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი გიორგი კალანდარიშვილის უწყებას "ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებულ დაწესებულებად" მოიხსენიებს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ხვალინდელი სხდომის მიზანია, "არჩევნები უწოდოს იმ რუსულ სპეცოპერაციას, რომელიც ქართველი ხალხის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ჩატარდა".

"ხვალ ცესკო თუ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ამით ის განაჩენს გამოუტანს კალანდარიშვილს" - აღნიშნავს სამადაშვილი.

ყველას გვესმის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებადია ეს დაწესებულება, რომელიც ხვალ აპირებს, რომ არჩევნები უწოდოს რუსულ სპეცოპერაციას, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ქართველი ხალხის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ჩატარდა. ამ ბეჭედს არანაირი ღირებულება არ ექნება. არავითარ ლეგიტიმაციას არ შექმნის. არჩევნებად ვერ გააფორმეს სპეცოპერაციას, რომელიც ჩატარდა.

ამ არჩევნებს არ აქვს მიღებული საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ამ არჩევნებს, როგორც სამართლიან, თავისუფალ და კონსტიტუციურ არჩევნებს არ აღიარებს არავინ, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, პრეზიდენტი. 

ხვალ ცესკო თუ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ამით ის განაჩენს გამოუტანს კალანდარიშვილს. ყველა ის ადამიანი, ვინც მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომ რუსული სპეცოპერაცია, რომელიც 35 წლის თავზე ცდილობს, რომ გააუქმოს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, ისინი აფორმებენ საკუთარ განაჩენს", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს ხვალ, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე შეაჯამებს - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" ცესკოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.