ექსკლუზივი: მერის ორგანიზებული თავდასხმა - "შაბათის ეთერმა" მსხვერპლს მიაგნო (რა მოხდა სასტუმროში?)

16.11.24 20:27
ექსკლუზივი: მერის ორგანიზებული თავდასხმა - "შაბათის ეთერმა" მსხვერპლს მიაგნო (რა მოხდა სასტუმროში?)

დედაქალაქის მერი მოქალაქის მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ანგარიშსწორებაშია მხილებული - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, ერთი თვის წინ, ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში კახა კალაძემ, რომელსაც ახალგაზრდა კაცის პროტესტი არ მოეწონა, მას ჩასაფრება მოუწყო, თავზე დაახტა და ფიზიკურად გაუსწორდა. 

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ ჩაწერილი ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ სასტუმრო "რუმსში" განხორციელებულ ცემაში "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის დაცვის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. 

"შაბათის ეთერთან" დაზარალებულის ოჯახის წევრი ამბობს, რომ ცემის შემდეგ, კალაძემ დაზარალებულთან უბნის ე.წ. ძველი ბიჭები მიაგზავნა. 

რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ, "შაბათის ეთერმა" იპოვა ის ადამიანი, ვინც სავარაუდოდ, თბილისის მერის ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა - ის სანდრო ჩხეიძეა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, იმ დღეს სასტუმრო "რუმსში" სანდრო ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. კალაძე კი სასტუმროს რესტორანში მის გარემოცვასთან ერთად შევიდა. ამ  დროს სანდრომ კალაძეს "შაბათის ეთერის" საპროტესტო ჟესტი უჩვენა.

სანდრო ჩხეიძე კახა კალაძესთან მომხდარ ინციდენტზე არლაპარაკობს, თუმცა თავდასხმის ფაქტს არ უარყოფს. 

სანდრო ჩხეიძის დედამ, ნანა ჩხეიძემ "შაბათის ეთერთან" მომხდარი დაადასტურა და თქვა, რომ მის შვილს, რომელიც საპირფარეშოსკენ მიდიოდა, კახა კალაძე „თავზე დაახტა”. 

სანდრო ტუალეტისკენ მიდიოდა და აქ უკვე [კალაძე] დააფრინდა თავზე. წააქცია. ჩემმა შვილმა მომიყვა ის, რაც გითხარით, შუა თითზე. და ვერაფრით ვერ ვუთხარი, არ გრცხვენია-მეთქი? მე სულ არ ვარ შეწუხებული ჩემი შვილის საქციელით. იმავეს გავუკეთებდი, სადმე რომ შემხვდეს”.

"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "რუმსში" მომხდარი დაპირისპირების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერმა კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაფერი იციან. 

"შაბათის ეთერს" წყარო უყვება, რომ კახა კალაძემ ჩხუბის შესახებ მათ "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კლუბის გახსნის შემდეგ მოწყობილ ღონისძიებაზე უამბო. ეს 3 ოქტომბერს მოხდა.

მერის ორგანიზებული ძალადობა - ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი