საიას ხელმძღვანელი: ლაშქარავას წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაში მსჯავრდებულებზე ამნისტია არ უნდა გავრცელებულიყო

16.11.24 20:47
საიას ხელმძღვანელი: ლაშქარავას წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაში მსჯავრდებულებზე ამნისტია არ უნდა გავრცელებულიყო

ლექსო ლაშქარავას სასიკვდილოდ ცემაში მსჯავრდებულების გათავისუფლების ფაქტს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ეხმაურება. 

საიას ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ იმ მუხლზე, რომელზეც დავით კუტალაძე, და სხვა მსჯავრდებულები სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა გავრცელებულიყო. 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლექსო ლაშქარავას წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაში მხილებულმა მსჯავრდებულებმა ციხე დატოვეს.

სასამართლო მათ მიმართ გამოყენებულ სანქციაში ისედაც ლმობიერი იყო და საქმის განხილვისას მოუხსნა ერთი მუხლი, რომელიც უფრო მძიმე სანქციას ითვალისწინებდა. ამის გამო მათ ციხე 2025 წლის ზაფხულში უნდა დაეტოვებინათ. 

იმ მუხლზე, რომელზეც სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა გავრცელებულიყო. საინტერესოა, სხვა რა საფუძვლით მიიღეს მათ შეღავათები. ამ კითხვით საჯაროდაც მივმართავთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და დამატებით წერილობითაც მივწერთ. 

ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა 5 ივლისის მოვლენების სრული გამოძიება იყო და არა უკვე დასჯილი პირების შეღავათები. ძალადობის ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან"- წერს ქურდოვანიძე. 

"ტვ პირვველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სასიკვდილოდ ცემაში მსჯავრდებული დავით კუტალაძე, და სხვა მოძალადეები პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 

დავით კუტალაძესთან ერთად "TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 4 პირი მისცა პასუხისგებაში. ესენი იყვნენ ოთარ გელაშვილი, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, ასევე გია გიგუაშვილი - ხუთივე მათგანი ახლა თავისუფლებაზე იმყოფება. 

2021 წლის 5 ივლისს, დავით კუტალაძემ "სირცხვილიას" ოფისში " ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების გამო ლექსოს ოპერაცია დასჭირდა, რამდენიმე დღეში, 11 ივლისს კი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.