25-ში რუსული რულეტის გათამაშებაა ჩაფიქრებული - უგულავა
"25-ში პროტესტი თავს რუსთაველზე მოიყრის, სადაც ჩაფიქრებული არის რუსული რულეტის გათამაშება და იმის დაკანონება, რაც დაკანონებას არ ექვემდებარება" - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობის" ლიდერმა, გიგი უგულავამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ქართველ ხალხსაც მიმართა და მათ ქუჩიდან ბრძოლისკენ მოუწოდა - "ბედი ქუჩაში წყდება და ყველა უნდა გამოვიდეს".
დღეს გაცილებით მეტი ხალხი არის, მე კმაყოფილი ვიყავი პირველი დღით, მაგრამ დღეს გაცილებით უფრო ენერგიულია, ამას სჭირდება უფრო მეტი ორგანიზება, მორიგეობა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, აქტივისტების, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის და ა.შ.. ამას ჩვენ ყველაფერს საქმესთან ერთად ვაკეთებთ.
უნდა გაფართოვდეს ეს ლოკაციები. კალაძეს უთქვამს, რომ ეს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი არისო, მე მინდა ვუთხრა მას, რომ ეს არ არის მხოლოდ სატრანსპორტო კვანძი. ეს არის, პირველ რიგში, უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის ბაღი, საიდანაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო ამ ქვეყანაში. ეროვნული მოძრაობა რუსთველზე კი არ დაწყებულა, ეროვნული მოძრაობა დაიწყო აქ. აქედან სვლით, მარშით მივიდა იქ და ესე იქნება სვლა და მარში თავისუფლების მოედნისკენ და მარშით დასრულდება თავისუფლებისკენ და ეს 25-ში აუცილებლად თავს მოიყრის უკვე რუსთაველზე, სადაც არის ჩაფიქრებული რუსული რულეტის გათამაშება და იმის დაკანონება, რაც დაკანონებას არ ექვემდებარება'', - ამბობს გიგი უგულავა.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს დააანონსა, რომ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე პროტესტი მომდევნო 24 საათის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება.