დიდი არეულობა "ოცნებაში" - კალაძე-მდინარაძის ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები ბორელის განცხადების შემდეგ
დიდი არეულობა "ქართულ ოცნებაში" და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები - თბილისის მერი, კახა კალაძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ საერთაშორისო პარტნიორებთან და ტექნიკურ მისიასთან არჩევნების საკითხზე.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა. არანაირი პრობლემა არ არსებობს. არჩევნების მეორე დღესვე, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, თუკი რაიმე კითხვები არსებობს, აგერ არის საარჩევნო ურნები და დათვალეთო. 2020 წელს იგივე დამოკიდებულება არ გვქონდა, როდესაც გაგვიყალბეს პარალელური დათვლები, იგივე ხდება ახლაც. რატომ არ გამოვიდნენ და არ აჩვენეს ხალხს ის პარალელური დათვლები, რომელიც გაკეთებული ჰქონდათ? იმიტომ, რომ ჰქონდათ მცდელობა, როგორმე დაძაბულობა შემოეტანათ. მაგრამ ჩვენ ეს “კინო” უკვე ნანახი გვაქვს და ვიცით, როგორ მოქმედებენ რადიკალები”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძისგან განსხვავებით, ტექნიკურ მისიასთან თანამშრომლობაზე თანხმობას არ აცხადებს მამუკა მდინარაძე.
მისი თქმით, საქართველოს არჩევნებთან მიმართებით საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა სუვერენიტეტის დარღვევაა და არჩევნების დარღვევები მხოლოდ ქართულმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ.
„რა ტექნიკური მისია? სადმე გაგიგიათ მსგავსი რაღაც? ვისთან უნდა ვითანამშრომლოთ, რა უნდა ვითანამშრომლოთ?! ჯერ გაგვარკვიონ, ვინ არის ეს ტექნიკური მისია, რა არის. ვინ ჩამოდის? კუბილიუსია ტექნიკური მისია? მასთან ვითანამშრომლოთ ობიექტურობის იმედით? ამ ჯაშუშების მესიჯ-ბოქსს რომ ახმოვანებს? ასეთი ხალხის მიერ შემდგარი თუ იქნება ტექნიკური მისია, რა უნდა ვქნათ. საგამოძიებო ორგანოა? სადამსჯელო სპეცრაზმია? შემრიგებელი კომისიაა, თუ რა ტექნიკური მისიაა?
არც თვითონ არ იციან ამ განცხადების ავტორებმა, რა იქნება ეს მისია.
ეს რაღაც კვაზიორგანოები ევროკავშირისა და საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოდან გასულია. თუნდაც ბორელი თუ იტყვის, რომ მან რაღაც უნდა გამოიძიოს. ეს არამხოლოდ არაკონსტიტუციურია, ასეთ რეგულირებას, არანაირი დოკუმენტი ევროკავშირსა და მსოფლიოში არ ითვალისწინებს“, — ამბობს მდინარაძე.
ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ საჭიროა 26 ოქტომბრის არჩევნების გამოძიება, რისთვისაც ევროკავშირი საქართველოში ტექნიკურ მისიას გამოაგზავნის.