"ცესკო კანონს არღვევს" - ოპოზიცია დროებითი მოწმობების მიღებაზე უარს აცხადებს

20.11.24 15:14
"ცესკო კანონს არღვევს" - ოპოზიცია დროებითი მოწმობების მიღებაზე უარს აცხადებს

ოპოზიცია ცესკოდან დროებითი მოწმობების წამოღებაზე უარს აცხადებს. საქმე ეხება კალანდარიშვილის უწყების განცხადებას, სადაც ითქვა, რომ "არჩეულ პარლამენტის წევრებისთვის" დროებითი მოწმობები დაამზადა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ არც პარლამენტში შესვლას და არც მანდატის მიღებას აპირებენ.

ცესკოს ყველა განცხადება, ყველა გადაწყვეტილება, ყველა სიტყვა არის აბსოლუტურად არალეგიტიმური, სიყალბე და კრიმინალი. შესაბამისად, რას გადაწყვეტენ ისინი, რა დოკუმენტს მოიგონებენ, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და საინტერესოც კი არ არის. სწორედ ამიტომ, რომ ყველა სამართლებრივ ეტაპზე ჩვენი პოზიცია მყარად დაგვეფიქსირებინა ჩვენ, სიის უკლებლივ ყველა წევრმა დაწერა ეს განცხადება, რომ არ გვაინტერესებს ეს მოწმობები და რამდენჯერაც იქნება საჭირო, ამას გავუსვამთ ხაზს. ცესკო დღეს არის კრიმინალური ორგანიზაცია, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

კოალიცია "ცვლილებისთვის" კიდევ ერთი ლიდერი თენგო თევზაძე ამბობს, რომ დროებითი ბარათების დამზადებით ცესკომ კანონი დაარღვია, რადგან მათ კალანდარიშვილის უწყებას იმ თავითვე მიმართეს, რომ აღნიშნული ბარათები არ დაემზადებინათ. 

მიუხედავად იმისა, რომ შედეგით ოპოზიციაში ყველაზე მეტი მანდატი ჩენ გვერგება, ჩვენ ვამბობთ უარს და არ ვაპირებთ აღნიშნული მოწმობების აღებას. ეს არის ძალიან გასაგები და მარტივი და თავიდანვე გასაგები და მარტივი იყო. რაც შეეხება ზოგად ლეგიტიმაციას, ჩემი აზრით, ცესკომ დაარღვია კანონი და მას არ უნდა მოეცა, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს განცხადება გაკეთებული. ის, რომ მათ ეს მაინც გააკეთეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არ არიან ობიექტური და ნეიტრალური ადმინისტრაცია, - ამბობს თენგო თევზაძე.  

ცესკოს გადაწყვეტილების უკანონობაზე საუბრობს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძეც.  

ცესკოს დღევანდელი გადაწყვეტილება, ბუნებრივია, არის იმ უკანონო ჯაჭვის გაგრძელება, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. მათ შექმნეს ლეგალურად ისეთი ბაზა, სადაც ოპოზიციას, ფაქტობრივად, არ აძლევენ საშუალებას, რომ იმ გაყალბებული არჩევნებით მიღებულ მანდატებზე თქვას უარი უფლებამოსილების ცნობის დღემდე. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელში მათ შორის ვითხოვთ მსგავსი გადაწყვეტილების გაუქმებასაც, - ამბობს სანიკიძე.