რადგან პრეზიდენტის სარჩელი მიღებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას რაიმე ტექნიკური წუნი არ აქვს - ბესელია
პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია "ტვ პირველის" ეთერში განმარტავს, თუ რას ნიშნავს სამართლებრივად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის სარჩელის დარეგისტრირება.
ეკა ბესელიას განცხადებით, სარჩელის რეგისტრაციამდე სასამართლოს ეძლევა სამ-დღიანი ვადა, რათა სარჩელი ტექნიკურად შეამოწმოს და მხარეს აცნობოს, სარჩელი საჭიროებს თუ არა რაიმე სახის გასწორებას, დამატებას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, რადგან პრეზიდენტის სარჩელი მიღებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ რაიმე ტექნიკური წუნი მას არ აქვს .
საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა 3-დღიანი ვადა პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელის წარდგენიდან. ეს არ არის ოფიციალურად წარმოების დაწყება. ეს არის პირველი ეტაპი, როდესაც ხდება სარჩელის მიღება. თუ რაიმე ხარვეზი იქნებოდა ტექნიკურად, რაიმე გასასწორებელი, დასამატებელი, რაიმე უზუსტობა, ამას სამი დღის ვადაში ამცნობს მხარეს, მაგრამ რადგან უკვე გამოაცხადა, რომ სარჩელი მიღებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ რაიმე ტექნიკური წუნი სასამართლოს მის მიმართ არ აქვს.
სარჩელი ბევრად კომპლექსურია. მათ შორის, მოიცავს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების კანონიერების შემოწმებასაც. რადგან არის ეს ის შემთხვევა, რომ პრეზიდენტი არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების ბათილობას ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლოს 1-თვიანი ვადა აქვს", - ამბობს ეკა ბესელია.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა - ინფორმაცია ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ საკონსტიტუციოს ვებგვერდზე აიტვირთა.
საქართველოს პრეზიდენტი გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს. მთავარი მიზანი ახალი არჩევნების დანიშვნაა. სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელს ეკა ბესელია წარადგენს.
პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 19 ნოემბერს შევიდა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.
პარალელურად, ანალოგიური შინაარსის სარჩელით საკონსტიტუციოს 30-მა დეპუტატმაც მიმართა.