"არ ვაპირებთ დროებითი მოწმობების აღებას" - კუპრაძე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პარლამენტის არჩეული წევრებისთვის დროებითი მოწმობების დამზადებას კოალიცია "ძლიერი საქართველო" ემიჯნება.
როგორც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე "პირველებთან" აცხადებს, ოპოზიციური გაერთიანება გიორგი კალანდარიშვილის უწყებაში მისვლას და დროებითი მოწმობების მიღებას არ აპირებს.
"სრული იგნორი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სრული იგნორი გაყალბებულ საარჩევნო შედეგებს" - ასეთია ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რა მოწმობაც არ უნდა გასცეს, როგორც არ უნდა ცნოს უფლებამოსილება, ეს არის გაყალბებული არჩევნების პროცესის კიდევ დამატებითი გაყალბება, რაც რეალურად საერთოდ არ შედის ჩვენ ინტერესებში. არც მისვლას არ ვაპირებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არც მოწმობების აღებას და არაფერს, რაც კავშირში იქნება ლეგიტიმაციის მიცემასთან გაყალბებული არჩევნების და საპარლამენტო საქმიანობის შემადგენლობის. ჩვენი პოზიცია იქნება ნათელი, სრული იგნორი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სრული იგნორი გაყალბებულ საარჩევნო შედეგებს", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ცესკო იტყობინება, რომ საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრთათვის დროებითი მოწმობები დაამზადა. კალანდარიშვილის უწყების ცნობით, ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტებს დაუკავშირდებიან და პარლამენტის პირველ სხდომამდე აღნიშნულ ბარათებს გადასცემენ.