დაასანქცირეთ არჩევნების გაყალბებაში, კორუფციაში ჩაფლული პირები - გახარია EU-ს

21.11.24 18:27
დაასანქცირეთ არჩევნების გაყალბებაში, კორუფციაში ჩაფლული პირები - გახარია EU-ს

"თუ გინდათ დასჯა, მაშინ დაასანქცირეთ ისინი, ვინც გააყალბა არჩევნები" - ამ სიტყვებით მიმართა გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარებს, რომლებიც "პირველების" ინფორმაციით, EU-ს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მოუწოდებენ.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი ფიქრობს, რომ უვიზო რეჟიმის შეწყვეტა ქართველი ხალხის დასჯა იქნება, ამიტომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ევროკავშირს კორუფციასა და ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების შავ სიაში შეყვანისკენ მოუწოდებს. 

იმიტომ, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა ცუდად და იყო გაყალბებული, საერთაშორისო პარტნიორები ფიქრობენ, როგორ იმოქმედონ, რადგან ამათ ლაპარაკი არ ესმით. ისინი ფიქრობენ რაღაც სხვადასხვა ინსტრუმენტებზე. რა შეიძლება, რომ ეს იყოს. ერთია უვიზო რეჟიმის გაუქმება, რაზეც ჩვენ ვეუბნებით, რომ არ გააუქმოთ უვიზო რეჟიმი, რადგან რიგითი მოქალაქეები დაზიანდებიან. თუ გინდათ დასჯა, მაშინ დაასანქცირეთ ისინი, ვინც გააყალბა არჩევნები, კორუფციაშია ჩაფლული, ცემა ხალხი, დაჭერით ემუქრება ბავშვებს და ადამიანებს", - ამბობს გიორგი გახარია. 

"პირველების" ხელშია ევროპარლამენტში მოქმედი პოლიტიკური ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული სარეზოლუციო დოკუმენტის ერთ-ერთი ვერსია.

ევროპარლამენტარები, რომლებიც "განაახლე ევროპის" პოლიტიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დასანქცირებას ითხოვენ

ამასთან, "განაახლე ევროპის" რეზოლუციის პროექტის შემდეგ, "პირველები" გაეცნო "ევროპის სახალხო პარტიის" სარეზოლუციო პროექტს, რომელშიც ხაზგასმულია პერსონალური სანქციების საჭიროება და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება.