ევროპარლამენტი ივანიშვილს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის განაჩენს გამოუტანს - სალომე სამადაშვილი

21.11.24 18:26
ევროპარლამენტი ივანიშვილს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის განაჩენს გამოუტანს - სალომე სამადაშვილი

"ევროპარლამენტი მომავალ კვირას მიიღებს ოფიციალურ პოლიტიკურ განაჩენს ივანიშვილის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისთვის" - ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტის სარეზოლუციო დოკუმენტს, სადაც ივანიშვილის, კობახიძისა და კალაძის დასანქირებას ითხოვენ. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, "პირველების" მიერ მოპოვებულ ევროპარლამენტის რეზოლუციის სხვადასხვა პროექტს "ისტორიული მნიშვნელობა" აქვს.

ეს არის ისტორიული მნიშვნელობის რეზოლუცია. ამ რეზოლუციით უნდა დაიწყოს ის პროცესი, რასაც ჰქვია საქართველოში დემოკრატიის გადარჩენა. ცხადია, ეს პროცესი მოითხოვს, მათ შორის, რეჟიმის წარმომადგენლების სანქცირებას, რომლებმაც ქართველ ხალხს წაართვეს დემოკრატიული არჩევანის უფლება და კონსტიტუცია.

რეზოლუციას ევროპარლამენტი განიხილავს მომავალ კვირას და მიიღებს. ეს იქნება ოფიციალური პოლიტიკური განაჩენი ივანიშვილის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისთვის, რომ ევროპა არ აპირებს ამ არჩევნების ლეგიტიმაციას", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

"პირველების" ხელშია ევროპარლამენტში მოქმედი პოლიტიკური ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული სარეზოლუციო დოკუმენტის ერთ-ერთი ვერსია.

ევროპარლამენტარები, რომლებიც "განაახლე ევროპის" პოლიტიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დასანქცირებას ითხოვენ

ამასთან, "განაახლე ევროპის" რეზოლუციის პროექტის შემდეგ, "პირველები" გაეცნო "ევროპის სახალხო პარტიის" სარეზოლუციო პროექტს, რომელშიც ხაზგასმულია პერსონალური სანქციების საჭიროება და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება.