მამუკა მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილის დასახელებას გამორიცხავს

25.11.24 16:49
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილის დასახელებას გამორიცხავს

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არ განიხილება - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. 

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, "გამორიცხულია თუ არა, რომ ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდეს", მდინარაძე პასუხობს: "დიახ, გამორიცხულია".

ამასთან, მმართველი პარტიის წარმომადგენელი ასახელებს იმ კრიტერიუმებს, რომლითაც "ქართული ოცნება" პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატს არჩევს და ამბობს, რომ მომავალი ქვეყნის მთავარსარდალი "ქართველი უნდა იყოს სულით და გულით".

ისეთი კითხვა დამისვით, ძალიან დიდი ხანი ბევრს რომ ვმსჯელობდით ჩვენს გუნდში. ლიდერებთან ეს დიდი ბჭობისა და განხილვის საგანი იყო, როგორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. ბატონი ბიძინადან დაწყებული დამთავრებული „ქართული ოცნების“ რიგით ჯარისკაცამდე [ფიქრობს, რომ] პირველი ნიშა, რაც უნდა იყოს - უნდა იყოს ეროვნული, ქართველი. არ ვგულისხმობ გენეტიკას, ქართველი უნდა იყოს სულით და გულით. თუკი ზედმეტ პათეტიკაში და გადაჭარბებაში არ ჩამითვლით. სადღეგრძელოს არ ვამბობ, სულით და გულით ქართველი უნდა იყოს და უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ვინც ამას არასდროს არ გადაუხვევს. თუ ამას არ გადაუხვევს, შემდეგ ყველაფერი კარგად ლაგდება ხოლმე, თუ შენ შენი სამშობლო გიყვარს და სულით და გულით ქართველი ხარ, მთავარ პრინციპებს არ გადაუხვევ, არ მოემსახურები სხვა ქვეყანას, არ გახდები ვიღაცის წარმომადგენელი", - ამბობს მამუკა მდინარაძე.

"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის პირველი სხდომა სრულ იზოლაციაში გამართა. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. პარლამენტში მივიდა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო - დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლებამოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებებს აკეთებენ.

პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.

სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებდნენ. "მონებო!", "რუსებო!" - ისმოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

"ქართული ოცნების" დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია. 

პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ცივილიზებული სამყარო არჩევნების საერთაშრისო გამოძიებას ითხოვს. არც აშშ-ს და არც ევროკავშირს "ქართული ოცნებისთვის" გამარჯვება არ მიულოცავს.

მსგავსი სიახლეები