"არ არის ურთიერთობა დალაგებული" - მდინარაძემ პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატების არმიწვევის მიზეზი განმარტა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აღიარებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები მძიმე ფაზაშია და პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატების არმოწვევის მიზეზად სწორედ "დაულაგებელ" ურეთიერთობას ასახელებს.
"ურთიერთობები მთლად დალაგებული არ არის" - ამბობს მამუკა მდინარაძე მედიასთან და იქვე აღნიშნავს, რომ პარლამენტში მარტოდ დარჩენილმა "ქართულმა ოცნებამ" დიპლომატიური კორპუსის არ დაპატიჟებით თავიდან "უხერხულობები" აირიდა.
ამასთან, ივანიშვილის გუნდის წევრი სხდომაზე პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არგამოცხადების ფაქტსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული პიროვნებები სხდომას "სუბიექტური მიზეზებიდან" გამომდინარე არ დაესწრნენ.
თქვენ რომ გაგიხარდებოდათ, ასეთი მიზეზები ამ ორი ადამიანის არ დასწრების არ იყო. იყო რაღაც სუბიექტური მიზეზები, მაგრამ არა ის, რომ პროტესტს უცხადებენ დღევანდელ პარლამენტს. ლეგიტიმაცია ამერიკის შეერთებული შტატების არ ვარგა? თუ კრიტიკა რადგან მოყვა, არა? თქვენ რას ელოდებით. სიხარულისა და ჭმუნვის გამოხატვის ხარისხზეა დამოკიდებულები აქ? უნდა თქვას, რომ ვაიმე როგორ გამიხარდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი დარჩა ხელისუფლებაშიო.
დიპლომატები არ მოუწვევია არავის, რადგან ბევრი საკითხი გადავჭერით, მათ შორის, შიგნით უხერხულობებიც კი. ურთიერთობები არ დავძაბოთ მეტად. არ არის მთლად დალაგებული ურთიერთობები. რამდენიმესთან დაკავშირებით არ მივეცით ბერკეტი, რომ ამით მერე ვიღაც ლეკვებს სპეკულაცია მოეხდინათ ბარიკადებს იქით", - ამბობს მამუკა მდინარაძე.
"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის პირველი სხდომა სრულ იზოლაციაში გამართა. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. პარლამენტში მივიდა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო - დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლებამოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებებს აკეთებენ.
პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.
სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებდნენ. "მონებო!", "რუსებო!" - ისმოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე.
"ქართული ოცნების" დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია.
პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ცივილიზებული სამყარო არჩევნების საერთაშრისო გამოძიებას ითხოვს. არც აშშ-ს და არც ევროკავშირს "ქართული ოცნებისთვის" გამარჯვება არ მიულოცავს.