25 ნოემბერი ისტორიაში მარცხისა და ქვეყანაზე ძალადობის დღედ დარჩება - ბესელია

25.11.24 22:02
25 ნოემბერი ისტორიაში მარცხისა და ქვეყანაზე ძალადობის დღედ დარჩება - ბესელია

""ქართული ოცნებისთვის" ტრაგიკული და მწუხარე დღე იყო" - ასე აფასებს პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, ეკა ბესელია მარტოდ დარჩენილი "ქართული ოცნების" მიერ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას.

ეკა ბესელია "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ 2024 წლის 25 ნოემბერი "ისტორიაში მარცხისა და ქვეყანაზე ძალადობის დღედ დარჩება".

ტრაგიკული დღე  და ყველაზე მწუხარე დღე იყო ''ქართული ოცნებისთვის''. ისტორიაში დარჩება ეს დღე, როგორც მარცხის და საკუთარ ქვეყანაზე ძალადობის დღედ, კონსტიტუციაზე ძალადობის დღედ, უსამართლობის გამოხატულების, მლიქვნელობის, მორალთან კომპრომისის დღედ. ძალიან მძიმე საყურებელი იყო და თუ ვინმეს უნდა მივუსამძიმრო, ეს არის ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს იმ დარბაზში იყო და გრძნობდა ან ვერ გრძნობდა, რომ საკუთარ ქვეყანას ამარცხებდა დღევანდელი დღით, თუმცა საბოლოდ ამას, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებენ. დღეს გამარჯვებული არის ყველა ის ადამიანი, ვინც 26 ოქტომბერს საქართველოს უკეთესს მომავალს მისცა ხმა და არა ამ რუსულ დღის წესრიგს'', - ამბობს ეკა ბესელია.

"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის პირველი სხდომა სრულ იზოლაციაში გამართა. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. პარლამენტში მივიდა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო - დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლებამოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებებს აკეთებენ.

პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.

სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებდნენ. "მონებო!", "რუსებო!" - ისმოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

"ქართული ოცნების" დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია. 

პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ცივილიზებული სამყარო არჩევნების საერთაშრისო გამოძიებას ითხოვს. არც აშშ-ს და არც ევროკავშირს "ქართული ოცნებისთვის" გამარჯვება არ მიულოცავს.

მსგავსი სიახლეები